
საქართველოს ერა
მარკ მალენ
რამდენ ხანს იქნება საქართველო მნიშვნელოვანი? შესაძლოა, ის არც ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, როგორც ეს თბილისიდან ჩანს, მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ხუთმილიონიანი ქვეყნების უმრავლესობა. საინტერესოა, საქართველოს ასეთი მნიშვნელოვნება მისი მუდმივი მდგომარეობაა, თუ დროებითი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნიშნავს თუ არა იმასაც, ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ: ავჩქარდეთ თუ შევანელოთ მოძრაობა.
EU
საქართველოს მნიშვნელოვან როლს დიდწილად განსაზღვრავს ნავთობისა და გაზის ტრანზიტი. თუ კასპიის ზღვის ნავთობის მარაგები რუსეთსა და ირანს მომავალში ძაფით შეკრავს, ეს საქართველოს გავლით უნდა მოხდეს. თუმცა, ირანში სიტუაცია სწრაფად იცვლება: იგი ანტიდემოკრატიული თეოკრატიიდან კორუმპირებულ სამხედრო დიქტატურად გარდაიქმნება. მის ლიდერებს ეშინიათ ფერადი რევოლუციის, რომლისკენაც ირანის მოსახლეობა მიილტვის. წარმოუდგენელი სულაც არ არის, რომ მალე ირანის მთავრობა შეიცვალოს და ქვეყანა პროდასავლურ რელსებზე გადავიდეს. ამიტომ, შესაძლოა, უეცრად რუსეთ-ირანის სავარაუდო კავშირმაც დაკარგოს მნიშვნელობა. ფაქტობრივად, დასავლეთი სწრაფად გამოიყენებს ირანისა და კასპიის ზღვის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
მომდევნო მიზეზია ფიქლის გაზი (გაზი, რომელიც უძველესი თიხის ქანებშია მოქცეული). რთულია იმისი გაგება, თუ რატომ არის ევროპისთვის კომფორტული გაზის მიღება ისეთი არასაიმედო წყაროდან, როგორიც რუსეთია. თუმცა, იქნებ ევროპის გათვლა ისაა, რომ მომავალში ფიქლის გაზის იმპორტი გაცილებით უფრო სწრაფი და იაფი დაჯდება, ვიდრე გაზსადენების მშენებლობა? ფიქლის გაზის პოტენციალი დღეისთვის, ერთი შეხედვით, ბუნდოვანია, თუმცა მისი მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება და დასავლეთის თვალში საქართველოს გეოპოლიტიკური როლი მატულობს.
რთულია იმისი განსაზღვრაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ნატო. ის გახლეჩილია და ვერ გადაუწყვეტია, არის თუ არა რუსეთი მისი მტერი. მსგავსი შეუთანხმებლობები ნატო-ს საქართველოსთვის ნაკლებად გამოსადეგ საერთაშორისო ბერკეტად აქცევს. იგი სხვა არაფერია, თუ არა პიარის არაფორმალური საშუალება.
აი, ევროკავშირი კი სრულიად განსხვავებული ფენომენია. საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი თურქეთზე ადრე, თურქეთს კი ალბათ ამ თაობის მოღვაწეობის მანძილზე შანსი არ აქვს. თუმცა, ვინ იცის, რა იქნება მომავალი თაობის მოსვლის შემდეგ? იმ თაობის წარმომადგნელები, რომლებიც დღეს ევროკავშირის სათავეში არიან, ფიქრობენ, რომ თურქეთი, უბრალოდ, მათი კლუბის წევრი არ არის; მათ საქართველოს შესახებაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ეს რეალობა, შესაძლოა, ევროკავშირის მმართველების მომდევნო თაობაში შეცვალოს.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვთქვათ მოსაზრება, რომ მომდევნო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს მთავარი ამოცანა ევროკავშირთან დაახლოება უნდა იყოს. ეს ისეთი დოზით მაინც უნდა მოხდეს, რომ როდესაც მომდევნო თაობა ევროკავშირში წამყვან პოსტებს დაიკავებს, მათთვის უკვე საქართველოს მიღება პრობლემა აღარ იყოს.
ევროპაში ბოლო სამოცდახუთი წლის განმავლობაში ომი არ ყოფილა, რაც მის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანი ხანაა. ევროპულმა სახელმწიფოებმა ეს საერთო შეხედულებების გამონახვით და განსხვავებების იგნორირებით მოახერხეს, რაც საკმაოდ ხანგრძლივ პროცესად იქცა. თუმცა, ამ სტრატეგიამ იმუშავა! ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეიძლება არც იყოს ყოველთვის მნიშვნელოვანი, საგანგაშო არაფერია. საქართველოს შეუძლია ხანგრძლივი ევროპული თამაში ითამაშოს.
ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ცხადაიამ
ჩემი კომენტარი:
სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მარტივად არაა, როგორც მარკი წერს... ევროპის კავშირს მართლაც აქვს პრეტენზია დამოუკიდებელ და მონოლითურ მოთამაშედ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ტიპის ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს, თუმცა შიდა მდგომარეობა ნატოს მსგავსად არც იქაა სახარბიელო...
ვიდრე ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებზე ვისაუბრებთ, ის უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა იგი სართოდ რეალობაში... ან, სულ მცირე, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, შეუძლია თუ არა მას საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება საქართველოსთან ან, გნებავთ, კავკასიის რეგიონთან მიმართებაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საქართველოს დღეს ევროპასთან აკავშირებს, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაა და თუ კარგად ჩავხედავთ ევროპის შიდა სამზარეულოს ამ მიმართულებით, შევამჩნევთ, რომ საქმე ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა მართლაც უდავოა, მაგრამ არა უკლებლივ ყველა წევრი სახელმწიფოსათვის... კავკასიის რეგიონი, მისი რესურსები და სატრანზიტო პოტენციალი, მხოლოდ ჩრდიოლეთ, აღმოსავლეთ და, ნაწილობრივ, ცენტრალური ევროპის ქვეყნებისათვისაა მნიშვნელოვანი. რაც შეეხება საფრანგეთს, ესპანეთსა და დანარჩენ სამხრეთევროპულ ქვეყნებს, მათი პრეფერენციები ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ინტეგრაცია უფროა და კავკასიის ენერგეტიკული რესურსები სატრანზიტო პოტენციალი მათ არაფერში სჭირდებათ.
მსგავსი შიდა უთანხმოებები ინტეგრაციის შანსებს ძალიან ამცირებს. ამიტომაც, ევროპის კავშირი, როგორც სუვერენული პოლიტიკური ერთეული, საერთაშორისო არენაზე არ არსებობს... აქედან გამომდინარე, ჩვენი დაახლოება და, თუ გნებავთ, ინტეგრაცია ევროპის კავშირის ინსტიტუციებში განსაკუთრებული წონის მქონე წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გარკვევის ხარჯზე მოხდება (ან უნდა მოხდეს)... მაინც, როგორია ამ სახელმწიფოების ,,ევროპული პოლიტიკა,, რომელთან გადამწყვეტი ,,სიტყვის,, თქმა შეუძლიათ, საქართველოსთან მიმართებაში? არც ერთი მათგანი არ განიხილავს საქართველოს რუსეთისაგან იზოლირებულად... ზოგადი სურათი კი ასეთია: დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები (გარდა ინგლისისა), განსაკუთრებით კი საფრანგეთი, სრულად იზიარებენ რუსეთის აზრს მულტიპოლარულ სამყაროსთან მიმართებაში და არც ერთ მათგანს არ სურს ამერიკულ ჰეგემონიასთან შეგუება, არამედ უფრო მისი დაბალანსებისაკენ (ძალთა ბალანსის თეორია აქ ძალიან კარგად ჯდება) ისწრაფვიან... თავის მხრივ, ევროპას არ აქვს არც უნარი და არც სურვილი, დააბალანსოს რუსეთის მისწრაფება საბჭოთა პერიოდის გავლენის სფეროების აღდგენისაკენ კავკასიასა და, ნაწილობრივ, აღმოსავლეთ ევროპაში... აქედან გამომდინარე, სრულიად მოსალოდნელია, რომ ევროპამ საქართველო დათმოს... ის, რომ ევროპის სახელმწიფოები ალტერნატიული ენერგიის მიღებაზე მუშაობენ, კიდევ უფრო ამცირებს საქართველოს შანსებს, იყოს სატრანზიტო ქვეყანა, რადგან, მარტივად რომ ვთქვათ, იგი ალტერნატიული ენერგიის მიღების შემთხვევაში ფუნქციას დაკარგავს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: კავკასია ევროპისათვის უფრო მნიშვნელოვანი 2004 წლიდან გახდა - სულ სხვა მიზეზის გამო. ამ წელს კავშირს აღმოსავლეთ ევროპიდან ახალი წევრები შეემატა. საზღვრების გადმოწევამ კი მათი უსაფრთხოება მოწველადი გახადა, რადგან უკონტროლო და არასტაბილური მეზობელი რეგიონი უამრავ პოტენციურ საფრთხეებს პირდება მათ (იარაღით არალეგალური ვაჭრობა, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საფრთხე, ტერორიზმი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, უკანონო მიგრაცია და ასე შემდეგ)... აქედან გამომდინარე, ევროპის კავშირის სახელმწიფოები მაინც ვერ დარჩებიან გულგრილნი რეგიონის და ასევე საქართველოს მიმართ. მათთვის მართლაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს, რათა არ იყოს უკონტროლო რუხი სივრცეები, მაგრამ თავად განსაკუთრებულს არაფერს (ან ვერაფერს) აკათებენ საამისოდ... ევროპა თანახმა იქნება, სათანადო პირობებში, დაეთანხმოს რუსეთის ,,მასტაბილიზირებელ,, ფაქტორს კავკასიაში, რათა ძალთა ბალანსი შესაძლებელი გახდეს და აღმოსავლეთ საზღვრებისათვის ,,უსაფრთხოების გარანტიებიც,, შეიქმნას.
ბუშის შემდეგ მართლაც გამოიკვეთა, რომ სამყარო მულტიპოლარულობისაკენ უფრო იხრება. თუ ძალთა ასეთი გადანაწილება დასრულდა, ეს პატარა სახელმწიფოებს სახარბიელო მომავალს არ მოუტანს- საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში.
სად არის შედარებით უკეთესი გამოსავალი? ჩემი აზრით, ჰეგემონმა (აშშ) არ უნდა დაუშვას ძალთა მსგავსი გადანაცვლებები. ამერიკამ არ უნდა გაუშვას ისტორიული შანსი, იქცეს ერთადერთ დემოკრატიულ სუპერძალად, რომელიც საერთაშორისო ანარქიის არსებობას ბოლოს მოუღებს. სამყარო არ უნდა გახდეს მულტიპოლარული, რადგან მულტიპოლარული სამყარო არასტაბილურია, ახასიათებს უსაფრთხოების დილემა და ხელს უწყობს ომებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს ერთადერთი პოლუსის სტატუსი და კიდევ უნდა გაამყაროს მისი უდავო უპირატესობა ძალაუფლების ყველა კომპონენტში, რათა შესაძლებელი გახადოს საერთაშორისო ურთიერთობების სათანადო ინსტიტუციებით (არა გაერო და მსგავსი ანაქრონიზმები, არამედ ახალი ინსტიტუციები) მართვა. მართალია, ეს უზარმაზარ ენერგიას და რესურსებს მოითხოვს, რამაც პერსპექტივაში შეიძლება დაასუსტოს კიდეც შტატები, თუ იგი ერთადერთი ,,სპონსორი,, იქნება, მაგრამ არსებობს სხვა გამოსავალი, რაც ერთის მხრივ შტატებს ხარჯებსაც შეუმცირებს და მეორეს მხრიც, უსაფრთხოების, როგორც საჯარო სიკეთის პროდუქციაში სხვა მოკავშირე სახელმწიფოებსაც ჩართავს. ეს ერთის მხრივ, გაზრდის ამ უკანასკნელთა სამხედრო ხარჯებს და აქედან გამომდინარე,ეკონომიკის სფეროში მათი კონკურენუნარიანობა აშშ/სთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო მეორეს მხრივ, როგორც ითქვა, გლობალური სტრატეგია აღარ იქნება ამერიკისათვის ძლიერ ხარჯიანი...
გამოსავალი ასეთია: გლობალური ჰეგემონის სტატუსის შესანარჩუნებლად, უნდა შეიქმნას რეგიონალური კონკურენციის პირობები მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად ალტერნატიული ალიანსების ჩამოყალიბების გზით, სახელმწიფოებთან, რომელთაც კონკურენტული ურთიერთობები აქვთ პოტენციურ რეგიონალურ ძალასთან და დამოუკიდებლად არ შეუძლიათ მისი დაბალანსება. მსგავსმა ალიანსებმა რეგიონალური ძალების სწრაფვა და სურვილი ჰეგემონთან წათამაშებისა ჩანასახშივე უნდა მოსპოს. მსგავსი მულტილატერალიზმი (მულტილატერალიზმში აქ გვესმის არა ამერიკა და დანარჩენები, არამედ ამერიკა და მოკავშირეები) ამერიკულ ჰეგემონიას კიდევ უფრო მოუწველადს გახდის. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის განთავსება არ უნდა გადაიდოს, რადგან იგი რუსეთს დაარწმუნებს, რომ საპირწონე იარაღის შექმნისათვის უზარმაზარი თანხების გაღება მოუწევს, რაც მისთვის ეკონომიკური აპოკალიფსის ტოლფასი იქნება... არსებული სამხედრო არსენალით კი მას არც ამ ფარის გარღვევა შეუძლია და ვერც რაიმე სერიოზულ გლობალურ გამოწვევებს გადაუგდებს ჰეგემონს... თუ იგი კალინინგრადში ჟანგიან ,,ისკანდერებს,, დადგამს, ეს კიდევ უფრო გააუარესებს რუსეთის მდგომარეობას საერთაშორისო დონეზე, ვინაიდან მაშინ იგი ევროპის ყველა სახელმწიფოს საბოლოოდ გადაიკიდებს მტრად, ერთის მხრივ ... მეორეს მხრივ კი, ამ შემთხვევაში შტატებს აშკარად გაეხსნება ხელები ევროპის სახელმწიფოების მხრიდან საერთაშორისო პოლიტიკაში და რუსეთთან ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს ,,ბანდვაგონინგის,, (ანუ ,,დაშოშმინების,,)პოლიტიკაც სამუდამოდ დასრულდება.
ამერიკამ ინტენსიურად უნდა გამოიყენოს თურქეთის, როგორც კონკურენტული რეგიონალური ძალის ფაქტორი კავკასიაში, რათა კიდევ უფრო შეკრას ფრონტის ხაზი... არ დაგვავიწყდეს თურქეთის ახალი პრეტენზიები დამეზობელ რეგიონებში, რასაც ბრწყინვალედ გადმოსცემს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმედ დავითოგლუს საგარეო პოლიტიკური კონცეფცია. ისიც უნდა ითქავს, რომ თურქეთის პრეტენზიებს კავკასიაში რეგიონალურ მოთამაშედ ქცევისა, აღიარების და ლეგიტიმაციის თვალსაზრისით გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე რუსეთს.
ამის პარალელურად საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიული მიზანი არა ა პრიორი ნატოში გაწევრიანება და არარსებულ ევროპის კავშირთან დაახლოება იქნება, არამედ იმ ახალი ალიანსების წევრობა, რომელსაც ამერიკა მოკავშირეებთან ერთად რეგიონალურ თუ გლობალურ დონეზე შექმნის... ამ შემთხვევაში, საქართველოზე სამხედრო თავდასხმის პერსპექტივა რუსეთისათვის სარისკო, საშიში, ნაკლებმომგებიანი და ფატალური შედეგების მომასწავებელი იქნება, რაც მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორი უნდა გახდეს.მსგავსი სცენარის შემთხვევაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის შიდა უთანხმოების არსებობაც აღარ უნდა იყოს სავარაუდებელი - თუ ის კვლავ საქართველოს ინტერესებში იქნება.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen