Sonntag, 8. November 2009

რელიგია


ვილჰელმ ჰუმბოლდტი


თენგიზ დალალიშვილის თარგმანი


გარდა ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლებისა, არსებობს კიდევ სხვა გზა ერის ხასიათსა და იდენტობაზე ზემოქმედებისათვის. სახელმწიფო მისი მეშვეობით აყალიბებს ზრდასრულ, მომწიფებულ ადამიანს, თვალყურს ადევნებს ამ უკანასკნელის ქცევებსა და შეხედულებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში, აძლევს მის ცხოვრებას მიმართულებას და ცდილობს, აარიდოს იგი შეცდომებს. ეს გზა _ რელიგიაა. ისტორია გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა დოზითა და მიზნებით ყველა სახელმწიფო იყენებს ამ საშუალებას. უწინ რელიგიები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი სახელმწიფო წყობასთან, უფრო სწორედ, რელიგია სახელმწიფოს პოლიტიკური საყრდენი და მამოძრავებელი ძალა იყო... როდესაც ქრისტიანობამ უარყო ერების პარტიკულარული რელიგიები და კაცობრიობას ერთი და საყოველთაო ღვთის აღიარებისაკენ მოუწოდა, ამით დაანგრია ერთ-ერთი ყველაზე საშიში მიჯნა, რომელიც ადამიანთა მოდგმას სხვადასხვა ტომებად ჰყოფდა და საფუძველი ჩაუყარა ჭეშმარიტ ადამიანურ სიკეთეს, განვითარებასა და გაერთიანებას, რომელთა გარეშე განმანათლებლობა, ცოდნა და მეცნიერება, თუ სამუდამოდ არა, კარგა ხანს მაინც, ცალკეული პიროვნების იშვიათ მონაპოვრად დარჩებოდა;
როდესაც ბარბაროსთა გამოჩენამ ბოლო მოუღო განმანათლებლობას, სწორედ ამ რელიგიაში გაუცნობიერებლობამ წარმოშვა არატოლერანტობა და ბრმა პროზელიტიზმი. სახელმწიფოს პოლიტიკური ფორმაც ისე გადაგვარდა, რომ მოქალაქეები ქვეშევრდომებმა შეცვალეს, ქვეშევრდომებმა, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ უშუალოდ მთავარს ემორჩილებოდნენ. ამიტომ, რელიგიის გავრცელებასა და მხარდაჭერაზე ზრუნვა მთავართა პირად სინდისზე გახდა დამოკიდებული. მთავრები თვლიდნენ, რომ ეს ფუნქცია მათ თვით უფალმა ღმერთმა არგუნა. დღეს მსგავსი ცრურწმენა იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა ადამიანის შინაგანი უსაფრთხოებისა და ღირებულებებისათვის რელიგიების მხარდაჭერა კანონისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მეშვეობით არა ნაკლებ აქტუალურია. ღირებულებებზე რელიგიური იდეების ზემოქმედების თვალსაზრისით, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ერთი რომელიმე რელიგიის მფარველობა ზოგადად რელიგიების მფარველობისაგან. უდავოა, რომ პირველი გაცილებით საშიში და საზიანოა, ვიდრე მეორე. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, როგორ იარსებებს ბოლო პირველის გარეშე. თუ სახელმწიფო თვლის, რომ რელიგია და ღირებულებები განუყოფელია და აღნიშნული საშუალების გამოყენება დასაშვები და კანონიერი, მაშინ ღირებულებით წარმოდგენებთან სხვადასხვა რელიგიების მხრიდან განსხვავებული ხარისხის თანხმობის არსებობისას სახელმწიფომ შეიძლება არ თქვას უარი ერთი რომელიმე რელიგიის მფარველობაზე. მაშინაც კი, თუ სახელმწიფო დააღწევს თავს ამ მდგომარეობას, მფარველობას გაუწევს და დაიცავს ყველა რელიგიურ მხარეს, იძულებული შეიქნება, დაიცვას ამ მხარეთა შეხედულებებიც და უგულვებელყოს იმ პირთა აზრი, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ შეხედულებებს. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია დაინტერესდეს ერთი რომელიმე შეხედულებით იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოდ გაბატონებული რწმენა საყოველთაო და განუყოფელ ღვთაებად აქციოს, ღვთაებად, რომელსაც დიდი გავლენა ექნება ადამიანის ცხოვრებაზე. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა გააბათილოს ორაზროვნება, რომელიც იდეათა წყებაში, ერთი და იგივე სიტყვით შეიძლება იყოს გამოხატული. მან განსაზღვრული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს სიტყვას ,,რელიგიურობa” თუ სურს, რომ ის გზამკვლევად აქციოს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, შეუძლებელია, სახელმწიფო რაიმე ფორმით ჩაერიოს რელიგიურ საკითხებში ისე, რომ უარი თქვას მცირე თუ დიდი მასშტაბების მფარველობაზე. ჩარევის შესაძლებლობა არ იარსებებს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ცალკეული ინდივიდების მართვა და მათი თავისუფლების შეზღუდვა არ მოჰყვა. როგორ თავისთავადაც არ უნდა განსხვავდებოდეს, გავლენის თვალსაზრისით, იძულება, უბრალო რჩევა თუ რელიგიურ საკითხებში ჩარევისათვის მარტივი გზების პოვნა, ყოველთვის იარსებებს გარკვეული მიკერძოება იმ შეხედულებებისადმი, რომელიც სახელმწიფოსთვისაა მისაღები, რაც აუცილებლად შეზღუდავს თავისუფლებას. ყველა რელიგია სულიერ მოთხოვნილებებს ეფუძნება. რელიგიაში ვგულისხმობთ იმ ფენომენს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ღირებულებებთან, წარმოადგენს სულიერ საზრდოს და გრძნობაში იმკვიდრებს ადგილს. ჩვენ არ განვიხილავთ იმ შემთხვევას, როდესაც გონება აღიარებს ან ცდილობს აღიაროს რელიგიური ჭეშმარიტება. ასე რომ, ჭეშმარიტების წვდომა არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ ტიპის ნება-სურვილზე. ჩემთვის არც ის არის მნიშვნელოვანი, წარმოადგენს თუ არა გამოცხადება რომელიმე რელიგიური ჭეშმარიტების მოწმობას და ვთვლი, რომ ის არ უნდა ახდენდეს გავლენას ისტორიულ რწმენაზე. ჩვენ გვაქვს იმედი, წინათგრძნობა იმიტომ, რომ გვსურს ასე. იქ, სადაც არ არსებობს სულიერი კულტურის ნაკვალევი, რელიგიური მისწრაფებები გრძნობის საზღვრებს არ სცდება. ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული შიში და იმედი, რომლებიც წარმოსახვის წყალობით თვითშემოქმედებად გადაიქცევა, ყველა რელიგიის შინაარსს წარმოადგენს. იქ, სადაც სულიერი კულტურა იკიდებს ფეხს, სული სრულყოფილი არსის ჭვრეტას იწყებს, არსისა, რომელიც ნაპერწკალიც თავად მასში ღვივის, მაგრამ სული მას ვერ განიცდის თავის თავში. ჭვრეტა კი აღტაცებად გადაიქცევა. ადამიანი, საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს ამ სრულყოფილ არსსთან დამოკიდებულებაში წარმოადგენს და იბადება სიყვარული, რომელიც ბიძგს აძლევს სწრაფვას სრულყოფილებისაკენ. მსგავსი ტენდენციები დამახასიათებელია იმ ერებისთვისაც, რომლებიც განვითარების დაბალ დონეზე იმყოფებიან. ყველაზე ველურ ხალხებშიც კი ერის წინამძღვრები თავს ღმერთის დესპანად მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ დრო და დრო კვლავ მასთან დაბრუნდებიან. წარმოდგენები ღმერთზე განსხვავდება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიდგომების საფუძველზე, რომლებიც სრულყოფილებას ეხება და კონკრეტულ დროსა და ხალხში არის გაბატონებული. ძველი ბერძნებისა და რომაელების, ასევე ჩვენი შორეული წინაპრების ღმერთები წარმოადგენდნენ ამქვეყნიური ძლიერების იდეალს. როდესაც წარმოიშვა და დაკონკრეტდა გრძნობისა და მშვენიერების იდეა, გაპიროვნებული ესტეტიური სილამაზე ღვთაებამდე აამაღლეს. ასე და ამგვარად, წარმოიქმნა რელიგია, რომელსაც შეიძლება ხელოვნების რელიგია ვუწოდოთ. როდესაც გრძნობამ სულიერებისაკენ, სილამაზემ სიკეთისა და ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა განაპირობა, წარმოდგენა უზენაესი გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფილების შესახებ გაღმერთების საგნად, ხოლო რელიგია ფილოსოფიის მონაპოვრად იქცა. ყოველივე, რაც ითქვა, შეიძლებოდა სხვადასხვა რელიგიის რელატიური ღიებულებების საზომადაც გამომდგარიყო, მაგრამ რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა ერების ან პარტიების, არამედ პიროვნებების მიხედვით. რელიგია სუბიექტურია და მისი აღიარება მხოლოდ და მხოლოდ თითოეული ადამიანის მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen