Freitag, 6. November 2009

დიონისე ჯვარცმულის წინააღმდეგ


1889 წლის 3 იანვარს ქალაქ ტურინში ფრიდრიხ ნიცშემ ფოსტაში სამი უწყება მიიტანა. ერთ-ერთ მათგანში საუბარია იმაზე, რომ ღვთაებრივი კომედია დიონისეს ჰიმნთან ერთად მზად იყო. ეს არის ლექსები, რომლებიც 1884 – 1888 წლებში შეიქმნა. ამ ლექსებში არიადნეს სახით ასახულია მისი (ნიცშეს) მეგობრული დამოკიდებულება კოზიმა ვაგნერის მიმართ. ლექსებში აშკარად ჩანს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ნიცშე ბაიროითელ მეგობრებთან კონფლიქტის გამო. არიადნეს ჩივილში ვკითხულობთ:
არა!დაბრუნდი!ტანჯვა-წამებავ!
(--------------)
ჩემი ცრემლები შენთვის იღვრება
შენთვის იწვის უკანასკნელი ვნება ჩემი,
დაბრუნდი შეუცნობელო ღმერთო ჩემო,
ტკივილო ჩემო! უკანასკნელო ბედნიერებავ ჩემო!
Ecce Homo -ში ნიცშე წერს: ასეთი რამ არასოდეს შექმნილა, მსგავსი არასოდეს არავის უგრძვნია, არავის არასოდეს განუცდია: ეს ღვთაებრივი, დიონისესეული განცდაა. პასუხი დიონისეს ჰიმნზე მზის მარტოობისა არიადნე იქნებოდა... განა იცის ვინმემ, ჩემს გარდა, თუ რა არის არიადნე?
ეს ცოდნა ნიცშემ ბურკჰარდტისადმი მიწერილ მის უკანასკნელ წერილში გაამჟღავნა. ეს წერილი მან დაწერა მაშინ, როდესაც აზროვნება სერიოზულად ჰქონდა დაქვეითებული. წერილში ის წერს შემდეგს: ნაშთი ქალბატონი კოზიმასათვის... არიადნესათვის. დიონისეს ჰიმნის (გამოსცა პიტერ გასტმა 1891 წელს) სილამაზემ გააოგნა და მოაჯადოვა ნიცშე. ამ ლექსებში უზარმაზარი განცდაა გადმოცემული, განცდა, რომელიც ნიცშემ თავისი შემოქმედების ბოლო ეტაპზე გამოამჟღავნა. ნიცშე უშედეგოდ ცდილობდა წარმოედგინა თავი იმად, რაც არასოდეს ყოფილა და მისი ბუნებიდან გამომდინარე, არც შეიძლება ყოფილიყო. ის, რაც ნიცშეს დარჩა, იყო მისი ფილოსოფიური აღთქმა, რომელსაც ის მუდამ ეჭიდებოდა: დიონისე ,,ჯვარცმულის” წინააღმდეგ: აი, თქვენ წინააღმდეგობა. პირველ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გზა წმინდა ყოფიერებისაკენ (ცხოვრებისაკენ). უკანასკნელ შემთხვევაში ეს წმინდა ყოფიერება სრულიად საკმარისია, რათა ტრაგედია განცდით იქნას გამართლებული. ტრაგიკული ადამიანი ყოველთვის დადებითადაა განწყობილი მომეტებულად მძაფრი განცდების მიმართ. ის ძლიერია და სრული. ქრისტიანობა უარყოფს უბედნიერეს ხვედრს დედამიწაზე: ის სუსტია, ღარიბი და მემკვიდრეობისაგან განძარცვული. ამიტომ, მას არ შეუძლია განიცადოს ცხოვრების ყოველი ფორმა. ჯვარცმული ღმერთი დაწყევლაა ცხოვრებისა; ეს არის მინიშნება მისგან (ცხოვრებისგან?) გათავისუფლებაზე. ნამსხვრევებად ქცეული დიონისე კი არის ცხოვრების აღთქმა: ის იბადება მუდმივად და თავს აღწევს განადგურებას.
ნიცშე ხშირად მოგზაურობდა. 1888 წელს, თავისი ცხოვრების უკანასკნელ ჟამს, მან ზამთარი ნიცაში გაატარა. 5 აპრილს კი ტურინში ჩავიდა და იქაურობა ისე მოეწონა, რომ მოგვიანებით დედისადმი მიწერილ წეირილში მას ,,ჭეშმარიტად ბედნიერ მონაპოვრად” მოიხსენიებს. ამ ქალაქში მისი მოღვაწეობა კარგი ამბით დაიწყო: გეორგ ბრანდესმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ ლექციების კითხვა დაიწყო. ეს ცნობა შეიძლება ყოფილიყო საფუძველი წინათგრძნობისა მომავალი დიდების შესახებ, რასაც ნიცშე ვეღარ მოესწრო. 1888 წელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძლიერ გაუარესდა. ზაფხულში ის უკვე სილს-მარიაში იყო. 21 სექტემბერს კვლავ ტურინში დაბრუნდა, სადაც თავის ბოლო მანუსკრიპტებზე მუშაობდა. მისი ცხოვრება აშკარად შეიცვალა. უსაზღვრო იყო მასშტაბები თვითშეფასებისა.
Ecce Homo თვითგანდიდების მოწმობაა. ნიცშემ ოვერბეკს გაუმჟღავნა თავისი განზრახვა: მას სურდა სამყაროს ისტორია ხელთ სჭეროდა: მე თვითონ სწორედ იმ ჩანაწერებზე ვმუშაობ, რომლებიც ევროპული სახელმწიფოების მიზნებს ეხება ანტიგერმანულ ლიგასთან დაკავშირებით. მე მსურს, ,,რაიხს” რკინის ხელი წავავლო და სასოწარმკვეთი ომი გავაჩაღო...28 დეკემბერს ნიცშე შემდეგნაირად პასუხობს პიტერ გასტის წერილს:
,,ოჰ, მეგობარო! როგორი მომენტია _ შენი წერილი რომ მივიღე რაღაცას ვაკეთებდი... ეს იყო ცნობილი რუბიკონი... _ მე აღარ მახსოვს ჩემი მისამართი: უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ქუირინალეს მოედანია,,.
1889 წლის 4 იანვრით დათარიღებული წერილი შემდეგი სიტყვებით მთავრდება:
,,ჩემს მაესტროს, პიეტროს. მიმღერე ახალი სიმღერა: სამყარომ ფერი იცვალა და ყოველი ზეცა მხიარულებას მიეცა.,, ჯვარცმული.
ნიცშე ილუზიების ტყვეობაში მოექცა. 3 იანვარს, ტურინში, კარლო ალბერტოს მოედანზე ნიცშეს უბედურება შეემთხვა: როდესაც მან სახლი დატოვა, შეამჩნია, თუ რა მკაცრად ეპყრობოდა მეეტლე თავის ცხენებს. ტირილით მივარდა ნიცშე ცხენს და კისერზე მოეხვია. შედეგად სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ ნიცშე ოვერბაკმა მოინახულა და ბაზელის კლინიკაში წაიყვანა. იანვრის შუა რიცხვებში ნიცშე დედამ მოინახულა. დედამ და ოვერბაკმა ის იენაში გადაიყვანეს და პროფესორ ბინსვანგერის კლინიკაში მიიყვანეს. ბაზელის დიაგნოზი შემდეგი იყო: ,,Paralysis progressive”. მოგვიანებით ნიცშეს სულიერი მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, თუმცა პერიოდულად გამოკეთდებოდა ხოლმე. მცირდებოდა მასში ილუზიური წარმოდგენებიც. 1890 წლის მარტში დედამ ბინა იქირავა იენაში და უფლებაც მიიღო ნიცშე თავისთან წეყვანა და მასზე ეზრუნა. დოისენმა ნიცშე უკანასკნელად ნიცშეს დაბადების 50 წლისთავზე, 1894 წლის 15 ოქტომბერს, ნახა. ის გვამცნობს:,,მე ადრე მივედი, ვინაიდან ისევ სწრაფადვე უნდა გამოვბრუნებულიყავი. დედამ შემოიყვანა ის. მე მას ბედნიერება ვუსურვე და ვუთხარი, რომ ის 50 წლის გახდა. გადავეცი ყვავილების თაიგული. მან ვერაფერი გაიგო. მისი ყურადღება მხოლოდ ყვავილებმა მიიპყრო, ისიც სულ რამოდენიმე წამს.”
ნიცშეს ავადმყოფობამ 10 წელზე მეტ ხანს გასტანა. დედის გარდაცვალების შემდეგ, 1897 წელს, ნიცშეს დაქვრივებული და პარაგვაიდან დაბრუნდა. ნიცშეზე ზრუნვა მან საკუთარ თავზე აიღო. ელიზაბეტ ფორსტერ-ნიცშემ სახლი იყიდა ვაიმარში. ამ სახლში უვლიდა იგი სულიერად დაავადებულ ძმას. ამასთან ერთად, აგროვებდა მის წიგნებს, ხელნაწერებსა და ჩანაწერებს. მან მალევე, ძმის სიცოცხლეში, მცდარი წარმოდგენები შექმნა ნიცშეს შესახებ, რაც ნიცშეს ლეგენდების საფუძველი უნდა იყოს. ნიცშემ ყოველივე ამის თაობაზე არაფერი იცოდა. ის გარდაიცვალა 1900 წლის 25 აგვისტოს. დაკრძალეს როკენის სასაფლაოზე მამის გვერდით. რამდენიმე წლის შემდეგ კი დაიწყო ევროპული ნიჰილიზმის დიაგნოსტის მსოფლიო დიდება.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen