Dienstag, 10. November 2009

კულტურული ფაქტორები: ,,ცრურწმენა” და რელიგია ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე
















მარგარეტ პაიერი

შესავალი


თუ კარგად გავეცნობით ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს რელიგიის თაობაზე, ასევე ამერიკელების რელიგიურ წარმოდგენებს, ადვილად მივხვდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რელიგიური სახელმწიფოა, გაცილებით რელიგიური, ვიდრე, მაგალითად გერმანია. ეს ასეა მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში, ევროპისაგან განსხვავებით, არ არსებობს სახელმწიფო ეკლესია, პირიქით: ამერიკაში სახელმწიფო და ეკლესია მკვეთრადაა ერთმანეთისაგან გამიჯნული. აშშ-ში რელიგია კომუნიკაციის ხელშემწყობი ფაქტორია. რელიგიური ინსტიტუტები და ჯგუფები შეხვედრებისა და საერთო მოქმედებების შესაძლებლობებს იძლევიან. რელიგიური კუთვნილება ბიძგს აძლევს ისეთი კავშირების შექმნას, რომელიც ფრიად სასარგებლოა ადამიანისათვის სამსახურში, პოლიტიკასა თუ მოღვაწეობის სახვა სფეროებში. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ მაგალითად მნიშვნელოვან თანამშრომლებთან ურთიერთობის დამყარებისათვის ადამიანს ხშირად პროფესიულ წარმატებასთან შედარებით ეკლესია და სინაგოგა უფრო ეხმარება. რელიგია საზოგადოებას აშშ-ში ხშირად სხვადასხვა რელიგიებსა თუ დენომინაციებს შორის ურთიერთობებისათვის საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს. მაგალითად, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ბერკლიში, ფუნქციონირებს კურსდამთავრებულ თეოლოგთა კავშირი (Graduate theological Union [www.gtu.edu]), რომელიც თეოლოგიური პროფილის მქონე საერთო საზოგადოებრივი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, განკუთვნილი სასულიერო თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ეს ინსტიტუტი თანაბრად ხელმისაწვდომია კათოლიკეების (დომინიკანელების, ფრანცისკანელების, იეზუიტების), ლუთერანების, ანგლიკანების (ეპისკოპალური ეკლესია), პრესბიტერიანელების, ბაპტისტების, უნიატების, სხვა პროტესტანტების, მართლმადიდებელი ქრისტიანების, იუდეველებისა და ბუდისტებისათვის. მსგავსი რამ ხომ სრულიად წარმოუდგენელია, მაგალითად, გერმანიაში!აშშ-ში რელიგია კომუნიკაციისათვის დამაბრკოლებელიც შეიძლება აღმოჩნდეს. ბზარი რელიგიურ ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ძალზედ დიდია. ფუნდამენტალიზმი და ევანგელიკალიზმი ერთის მხრივ განხეთქილებას, მეორეს მხრივ კი აგრესიულ მისიონერობას აძლევს ბიძგს. მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები ძალადობენ ყველაფერზე, რაც უღმერთობად (მაგალითად, აბორტის კლინიკები) მიაჩნიათ. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შატატების ბევრ საჯარო ბიბლიოთეკასა და სკოლაში წააწყდებით ცენზურას, რაც უმეტეს წილად რელიგიური მოსაზრებებითაა განპირობებული. რელიგია აშშ-ში მეტად წინააღმდეგობრივ ფენომენს წარმოადგენს:ო თუ ამერიკა ერთის მხრივ რელიგიური მოსაზრებების გამო დევნილთა ნავსაყუდელი იყო, მეორე მხრივ გულწრფელი ათეისტი ვერასოდეს გახდება ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი.ო თუ აშშ ერთის მხრივ წარმოდგენს ერთგვარ რელიგიურ სუპერმარკეტს პოზიტიური თვალსაზრისით, მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში ფართო გასაქანი აქვს რელიგიურ შეზღუდულობას (მაგალითად ევოლუციონიზმის თეორიასთან მიმართებაში). თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთის მხრივ სახელმწიფო და ეკლესია რეალურადაა ერთმანეთისაგან გამიჯნული, მეორე მხრივ ამერიკელი პოლიტიკოსები უსინდისოდ და ფარისევლურად იყენებენ რელიგიას თავიანთი ინტერესებისათვის.





USA = One Ntion under Good





რობერტ ბელაჰი (Robert Bellah) წერდა, რომ ამერიკული ლეგიტიმურობის მითოსში უმნიშვნელოვანეს ელემენტებს სამოქალაქო რელიგია (civil religion) და უტილიტარული სეკულარული იდეოლოგია წარმოადგენს. სამოქალაქო რელიგია ებრაულ-ქრისტიანული სიმბოლოებითა და ღირებულებითი წარმოდგენებითაა გაჯერებული. ეს სიმბოლოები და ღირებულებები ერში ღვთაებრივი წესრიგის იდეას განასახიერებენ; ისინი განსაზღვრავენ ერის მიზანს და მის გენეზისს. უტილიტარისტული იდეოლოგია განმანათლებელთა პოლიტიკური ფილოსოფიიდან იღებს სათავეს. იგი ერს უდგენს მასშტაბებს სახელმწიფოს მართვის ადექვატური მეთოდებისათვის. აქ საუბარია იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება, ან კიდევ სწრაფვა ბედნიერებისა და კეთილდღეობისაკენ. ორთავე კულტურული ტრადიცია ამერიკაში ისტორიულად ყოველთვის ნაციონალური ჯვაროსნული ომების გამართლებას ემსახურებოდა. ანალოგიური ვითარებაა დღესაც: ამ ტრადიციებს აშშ-ში პოლიტიკური ექსცესების მოსაგვარებლად იყენებენ. სამოქალაქო რელიგია დღეს ამერიკული კულტურის ყველაზე თვალსაჩინო განზომილებას წარმოადგენს. პრეზიდენტობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის დროს ცდილობენ ებრაულ-ქრისტიანული ტრადიციებიდან ერთ-ერთის მიმართ თავიანთი ლოიალური დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინონ. ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია უფლისადმი თაყვანისცემის რიტუალია. დიდი პოლიტიკური მოვლენების დროს ამერიკელები ლოცვით შესთხოვენ უფალს კეთილდღეობასა და მშვიდობას. მიუხედავად კონსტიტუციით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, მნიშვნელოვან დღესასწაულებზე რელიგიური და პოლიტიკური სიმბოლოების დემონსტრირება იშვიათობას არ წარმოადგენს. სამოქალაქო რელიგია ამერიკელების, როგორც სხვა ხალხებთან შედარებით ღვთისმოშიში და ამავე დროს რელიგიური თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის, იმიჯს აყალიბებს. ის საზოგადოებაში ნერგავს რწმენას, რომ თითქოს ამერიკელ ხალხს უფალმა განსაკუთრებული მისია დააკისრა. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, სამოქალაქო რელიგია ამერიკაში ძლიერ დანაწევრებულია. სხვა რელიგიების მსგავსად არც სამოქალაქო რელიგიაში არსებობს საერთო ენა. ის ვერ აერთიანებს ამერიკელთა უმრავლესობას საერთო იდეალების ირგვლივ. ეს არის სიტუაცია, რომელიც ძალიან გავს ბაბილონის გოდოლის შენებისას ენათა აღრევის ამბავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს სხვადასხვა ტრადიციები, რომლებიც საზოგადოებას მეტად განსხვავებულ შეხედულებებს სთავაზობს იმის თაობაზე, თუ როგორი შეიძლება (და უნდა) იყოს ამერიკა. კონსერვატორების სამოქალაქო რელიგიას ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ლიბერალების სამოქალაქო რელიგიასთან. კონსერვატორებისათვის ამერიკული ლეგიტიმურობა ეფუძნება ,,მითოსს ერის გენეზისის შესახებ”, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ღვთაებრივი მიზნების აღსასრულებლად მოევლინა. ისტორიის ამდაგვარი ინტერპრეტაცია ამერიკული სახელმწიფოს ლეგიტიმურობის საფუძველს წარმოადგენს. ეს იმიტომ, რომ ამერიკელი მამა-დამფუძნებლები ებრაულ-ქრისტიენული ღირებულებითი წარმოდგენებით ხელმძღვანელობდნენ. მაშინაც კი, როდესაც ამერიკის ზოგიერთი პრეზიდენტის (ვაშინგტონი, ფრანკლინი, ვაითერსპონი, ადამსი) პირადი რწმენა ამ სტანდარტებს არ ემთხვეოდა, ნებისმიერ შემთხვევაში მათთვის ამოსავალი წერტილი მაინც ბიბლია იყო. მათ მშვენივრად იცოდნენ, თუ სახელმწოფოს რომელი ფორმა იქნებოდა მათთვის ყველაზე მისაღები. ფრანც შეფერი თავის წიგნში _ A christian Manifesto [1981] _ მამა-დამფუძნებლებზე შემდეგ რამეს წერს:,,ამ ადამიანებმა მშვენივრად უწყოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათ ნდობა გამოუცხადეს უზენაეს არსებას, შემოქმედს, აბსოლუტურ სინამდვილეს, რომლის გარეშეც უაზრობა იქნებოდა დამოუკიდებლობის დეკლარაცია და ყველაფერი, რაც მას შემდგომ უნდა მოჰყოლოდა. ისინი იყვნენ დიდებული ადამიანები, რომელთაც ზუსტად ესმოდათ, თუ რაზე იყო საუბარი.”შეფერი, დანარჩენი ევანგელისტების მსგავასად, აქტიურად უჭერდა მხარს ახალი მემარჯვენეების პოლიტიკას. ამ თვალსაზრისით, მას მკაფიო წარმოდგენა ჰქონდა იმ ბოროტების თაობაზე, რომელიც თითქოს ამერიკულ კულტურას ემუქრებოდა. შეფერის აზრით, ეს საფრთხეები განპირობებულია იმით, რომ ერმა ებრაულ-ქრისტიანულ შეხედულებებს მატერიალისტურ-ჰუმანური მსოფლმხედველობა ანაცვალა. ის დარწმუნებულია, რომ ამერიკული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები არანაირ ცთომილებას არ შეიცავს. ის ფიქრობს, რომ ამერიკული ლეგიტიმურობის დღეგრძელობა ბიბლიური იდეალებისადმი ქვეყნის ერთგულებაზეა დამოკიდებული. ის, რომ ამერიკული სახელმწიფო ბიბლიურ პრინციპებს ეფუძნება, XIX საუკუნის ამერიკაში ყველაზე გავრცელებული შეხედულება იყო. ერნესტ ლი ტუვისონმა ამერიკას უწოდა ,,ხსნის ერი”. ამერიკული ერი ,,რჩეული ერია”. ის არსებობს იმისათვის, რომ აკეთოს უფლის საქმე დედამიწაზე. ამერიკა ძლიერი და დიდია. ამერიკული ქალაქები და სოფლები ყვავის. ამერიკელი ავტორები სრულიად გულწრფელად გვარწმუნებენ იმაში, რომ უფლის სასუფეველი ფაქტობრივად მოახლოვებულია და ის ამერიკაა. ჰერმან მელვილმა (1819-1891) 1855 წელს დაწერა რომანი თეთრი მოსასხამი. მელვილი ამ ნაწარმოებში ამერიკას მოიხსენიებს, როგორც ,,ჩვენი დროის ისრაელს”. ამერიკელ ერს იგი უწოდებს ,,პოლიტიკურ მესიას”, რომელმაც ,,სამყაროს თავისუფლების კიდობანი უნდა ააგოს”. ვალტერ უიტმანის (1819-1892) ეპიკურ ლექსში _ მოგზაურობა ინდოეთში _ ამერიკის კონტინენტის ცივილიზაციური მიღწევები და ბუნების მშვენიერებაა აღწერილი. ლექსის ავტორი ერის საოცრებებსა და ინდოეთში მოგზაურობას უფლის განზრახვას უკავშირებს:





,,ადამიანო, ნუთუ ვერ ხვდები უფლის ზრახვას დასაბამიდან?


რომ უნდა გახდეს ეს სამყარო მშვიდობიანი,


რომ ერთმანეთთან იარსებონ ხალხებმა წყნარად,


რომ დრო და სივრცე არ იქნება ხელის შემშლელი,


ადამიანი გადალახავს ოკეანეებს,


და სიშორეთი დაიძლევა სულ მოკლე დროში,


აღარ იქნება მსოფლიოში ცალკე ქვეყანა,


ერთიანობას შეერწყმება მათი საზღვრები.”





XX ს-ის პირველ ნახევარში, რომელშიც ასევე მრავლად იყო ომები და ეკონომიკური კრიზისები, რელიგიური თუ საერო მწერლების აღტკინება ამერიკის ათასწლოვანი მომავლით თითქოს დაცხრა. როდესაც ამერიკა კვლავ აღმოჩნდა მსოფლიოს ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების მწვერვალზე, ტრადიციულმა შეხედულებებმა აქტუალობა დაიბრუნა. მეტად პოპულარული გახდა ლოზუნგი: ,,ერთი ერი უფლის მფარველობის ქვეშ” (One Nation under Good). არსებობს უამრავი განმარტება ამ მოწოდებისა. რა იგულისხმება აქ ერში? ,,გაერთიანებული”, ,,ერთადერთი”, ,,საუკეთესო”, ,,წამყვანი” თუ ,,განსაკუთრებული”? ნორმან ვინსენტ პეილი (1898-1993) თავის წიგნში _ One Nation under Good _ წერს, რომ ამერიკის შექმნის დროს ამერიკელებს თურმე ჩაესმათ ღვთის სიტყვა, რამაც ამერიკელი ხალხის მაღალ სულიერებასა და განსაკუთრებულ მისწრაფებებში პოვა ასახვა. ევანგელისტი ავტორი როუზ უოლტონი თავისი, ანალოგიურად დასათაურებული, წიგნის დასკვნით ნაწილში წერს, რომ ამერიკის კონსტიტუცია ,,უფლის მიერ იყო ნაკარნახევი”. XX ს-ის 60-იანი წლების ბოლოს და 70-იან წლებში ამერიკა ვიეტნამში სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდა, რადგანაც ამერიკული მიზნები კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ცხოვრების ამერიკული სტილის დამცველები ცდილობდნენ, ამერიკის ისტორიაში ღვთაებრივი ლეგიტიმურობის კონკრეტული ფაქტები აღმოეჩინათ. ედვარდ ელსონი ამბობდა, რომ ამერიკა _ ეს ,,სპირიტუალური მოძრაობაა”, რომლის ამისავალი წერტილიც თავად უფალია. მის ბედს კი სული წმიდა განაგებს. საინტერესოა ასევე ერთი ქრიასტიანი საქმოსნის ჯორჯ ოტისის აზრები: ,,ამ ქვეყნის შექმნაში ღმერთის ხელი ურევია. თავად ქრისტემაც მეორედ მოსვლისათვის ამერიკა აირჩია.” დეილ ევანს როჯერსი ამავე სულისკვეთებით ამტკიცებს, რომ თავდაპირველად ამერიკა უფლის ჩანაფიქრს წარმოდგენდა. მოგვიანებით კი იგი ადამიანებმა უფლის განგებით რეალურად დააარსეს. ევანგელისტები და ფუნდამენტალისტები უფალთან ამერიკის მჭიდრო ისტორიული კავშირის დასასაბუთებლად საკუთარ რელიგიურ ღირებულებებს იშველიებენ. ამერიკის ისტორიის მათეული ვერსია იმ პერიოდის ირგვლის ტრიალებს, რომელშიც ეს ღირებულებები უპირობოდ იყო აღიარებული. ისინი პირდაპირ თუ ირიბად ამ ისტორიული ეპოქისათვის დამახასიათებელი წესრიგის აღდგენას ითხოვენ, რაც, მათი აზრით, ამერიკაში ცხოვრების ისეთი სტილის შექმნას მისცემს ბიძგს, რომელთან იდენტიფიცირებასაც თავისუფლად შეძლებენ. ევანგელისტური მოძღვრება მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისაგან პირად რწმენასა და სახელმწიფოს რელიგიურ ისტორიას. ასე რომ, ნებისმიერი ტიპის რელიგიური ნაციონალიზმის გამოვლინება, ალბათ, გამონაკლისად უნდა აღვიქვათ. პიროვნების ხსნა, სულიერი ზრდა, ბიბლიის ცოდნა და რელიგიური თემების მოთხოვნილებები პირველ ადგილზე დგას. ამერიკის ისტორიაში ღვთაებრივი წინასწარმეტყველების ადგილით კი ევანგელისტური მოძღვრება არ ინტერესდება. თავად ჯერი ფალუელი თავის წიგნებსა და ქადაგებებში იშვიათად ეხება ღმერთისადმი ამერიკელთა კოლექტიურ დამოკიდებულებას. კონსერვატიული სამოქალაქო რელიგია ევანგელისტებთან და ფუნდამენტალისტებთან ასოცირდება იმდენად, რამდენადაც ის მათთვის წარმოადგენს არა კულტის საგანს, არამედ წინასწარ გააზრებულ დამოკიდებულებას. კონსერვატიულ სამოქალაქო რელიგიაში ამერიკა ბიბლიურ რწმენასთანაა იდენტიფიცირებული. თუმცა, ამ ტრადიციის მატარებელი ადამიანები ხშირად ცდილობენ, თავიდან აიცილონ მსგავსი ინტერპრეტაციები. არ არსებობს კავშირი ღვთაებრივ შეკვეთასა და მის მიწიერ გამოვლინებას შორის. კლასიკური თეოლოგიური დემოკრატია განმარტავს, რომ ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ღვთაებრივი სივრცე და მიწიერი სამყარო. ღვთაებრივი სივრცე ტრანსცენდენტული იდეალია და იქ განკითხვის ჟამს უფალი რჩეულ ერს, რჩეულ ხალხს უხმობს. ღვთაებრივი სივრცე ხშირად აღიქმება, როგორც ზეციური სამყარო, გნებავთ სამეფო, რომელიც კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ დედამიწაზე შეიქმნება. დაუშვებელია მისი ჩანაცვლება რომელიმე თანამედროვე სახელმწიფოთი, მათ შორის, ამერიკით. სენატორი მარკ ჰატფილდი ევანგელისტ ქრისტიანს, რომელსაც პოლიტიკური კარიერის გაკეთება სურს, ურჩევს, რომ ის ,,უფალს უფრო მეტად უნდა დაემორჩილოს, ვიდრე ადამიანს” და ამავე დროს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გვერდით არ დაუყენოს ბიბლიური პრინციპები. თუ ბიბლიურ რწმენას ეროვნული სიამაყე ჩაანაცვლებს, მაშინ მივიღებთ ერეტიკულ სამოქალაქო რელიგიას, რომელიც პოლიტიკურ წესრიგს ,,პანიკურ რეჟიმში ამყოფებს” და ,,აღარაფერი აქვს სართო მშვიდობასთან, ხსნასთან და ღვთაებრვი სამართლიანობის ნორმასთან.”ანალოგიურს ამტკიცებს ჯერი ფალუელიც: ,,ამერიკა არ არის ღვთაებრივი სამყარო”. არც დანარჩენ კონსერვატორებს სურთ უკრიტიკო აღიარება იმ აზრისა, რომ ამერიკა თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულ პრინციპებს ეფუძნება. ევანგელისტი ავტორები რობერტ ლინდერი და რიჩარდ პირარდი თავიანთ ნაშრომებში, რომლებიც ამერიკულ პოლიტიკურ რელიგიას ეხება, აღნიშნავენ: ,,აღმაშფოთებელია ის, რომ ამ აზრს ბევრი მორწმუნე იზიარებს. გარდა ამისა ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ღვთაებრივი ჭეშმარიტების უცთომელობას და შეუცნობლობას.” ზოგადად რომ ვთქვათ, კონსერვატიული სამოქალაქო რელიგია ღვთაებრივ სამყაროში უპირატესობას ამერიკას ანიჭებს. ფალუელი ასეთ რამეს ამბობს: ,,ამერიკელი ერი არ არის დაზღვეული შეცდომებისაგან, მაგრამ ის უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ერია მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსები და გვყავს ადამიანები, რათა მთელი სამყაროს ევანგელიზაცია მოვახდინოთ.” ორგანიზაციის _ ამერიკული კოალიცია ტრადიციული ღირებულებებისათვის _ ლიდერი ტიმ ლეიჰეი ანალოგიურ მოსაზრებას ასე აყალიბებს: ამერიკის გარეშე ,,ჩვენ სამყაროში არავინ იბრძოლებდა სულისათვის; იქ უფრო ტოტალიტარული ჰუმანისტური სახელმწიფო იარსებებდა”. მოსაზრება ამერიკის მიერ მსოფლიოს ევანგელიზაციასთან დაკავშირებით კონსერვატიული სამოქალაქო რელიგიის წარმომადგენელთა შორის ფართოდაა გავრცელებული. ამ მოსაზრების მიხედვით, უფალს სურს, რომ ამერიკამ თავისი უპირატესობა მსოფლიოში ქრისტიანობის საქადაგებლად გამოიყენოს. ზოგიერთი ევალგელისტური ესხატოლოგიის მიხედვით კი, ეს არის უკანასკნელი ამოცანა, რომელიც ქრისტეს ,,მეორედ მოსვლის” წინ უნდა აღსრულდეს. ამერიკის კეთილდღეობა და ძლიერება უფლის მიერ ნაბოძები წყალობაა და ეს ქვეყანა უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ამოცანების შესრულებას ემსახურება. ასეთი შეხედულებები ძლიერ მისიონერულ მისწრაფებებთან ერთად გასაკუთრებით კონსერვატიულ დაჯგუფებებშია გავრცელებული. ორგანიზაციის campus crusade for christ (http://www.ccci.org/) დამფუძნებელი ბილ ბრაიტი წერს: ,,უფალმა ამ ქვეყანას ულევი რესურსი, მუშახელი და ფინანსური საშუალებები უბოძა. [მან]... დახმარებისათვის ამერიკას მიმართა, რათა დანარჩენ სამყაროს თავისი სიყვარული და მოწყალება გადასცეს.”იმის მიუხედავად, რომ ღვთაებრივ და პროფანულ სამყაროებს შორის ფორმალური მიჯნაა, კონსერვატიული დოქტრინა სახელმწიფოს იმ ფორმას, რომელიც ამერიკაში არსებობს, დიდწილად ღვთაებრივ ავტორიტეტს მიაწერს. მართალია, ადამიანთა მმართველობა სრულად ვერ შეესატყვისება ღვთაებრივ იდეალებს, მაგრამ მაინც სარგებლობს უფლის მხარდაჭერით, ვინაიდან ის სოციალური წესრიგის გამართლების იარაღია. ამიტომაც დაუშვებელია ამ წესრიგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მის წინააღდეგ წასვლა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღმსარებლობის თავისუფლების სახელით ქრისტიანული სამართალი ირღვევა. christianity today –ის ყოფილი გამომცემელი კენეთ კანტცერი ამბობს: ,,ჩვენ აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ის მოვალეობები, რომელიც უფალმა სახელმწიფოს დაუდგინა. ამ მოვალეობათა ბოროტად გამოყენებამ მრავალი საშიშროების წარმოშობას შეიძლება მისცეს ბიძგი, თუმცა ეს არ აკნინებს მათ ღვთაებრივ წარმომავლობას და შესაბამისად ჩვენს მხარდაჭერასაც იმსახურებს.” ამერიკის შემთხვევაში ამ არგუმენტს, როგორც წესი, კონსერვატორული ფერი დაკრავს. თუმცა როდესაც საერთაშორისო შედარებაზე მიდგება საქმე, ევანგელისტებს ამერიკაში თავისუფლად შეუძლიათ თავიანთ რელიგიურ თავისუფლებაზე მიუთითონ. სამოქალაქო რელიგია გარდა სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა, ამერიკული ეკონომიკური სისტემის გამართლების ელემეტებსაც შეიცავს. აქ საუბარია კაპიტალიზმის ლეგიტიმაციაზე, სადაც მრავლადაა პარალელები ეკონომიკურ პრინციპებსა და ბიბლიურ მოძღვრებებს შორის. ეკონომისტი ჯორჯ გილდერი, რომელიც მორწმუნე ევანგელისტია, ამბობს: ,,ქრისტიანობის ფუნდამენტური პრაქტიკული პრინციპი ასეთია: ,,მიეცი და მოგეცემა”, მაგრამ თუ კერძო საკუთრება არ გაქვს, ვერაფერს გასცემ... სოციალიზმი ქრისტიანობას ემტერება, ხოლო კაპიტალიზმი, თავისი არსით, არის ცხოვრების ისეთი ფორმა, რომელიც ძალიან ახლოს დგას რელიგიურ ჭეშმარიტებასთან.” ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ შემთხვევა, როდესაც გილდერი მოციქულ პავლეს სწავლებაზე ამახვილებს ყურადღებას: ,,კაპიტალიზმის ყველაზე დიდი ჭეშმარიტება არის რწმენა, იმედი და სიყვარული.” ამერიკული კაპიტალიზმის აპოლოგეტთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯერი ფალუელსაც: ,,მე მჯერა კაპიტალიზმის, თავისუფალი ბაზრის და კერძო საკუთრების... ადამიანებს უნდა ჰქონდეთ კერძო საკუთრების ფლობის, შრომის, წარმატების მოპოვების, ფულის შოვნის და გამარჯვების უფლება.”ფალუელისათვის ეს არა მხოლოდ პირადი აზრი, არამედ, პირველ რიგში, უფლის სიტყვაა: ,,უფალს უყვარს თავისუფლება, კერძო საკუთრება, კონკურენცია, სიბეჯითე, შრომა და მოგება. ყოველივე ეს ძველ და ახალ აღთქმაში უფლის სიტყვებითაა აღბეჭდილი.”ტელემქადაგებელი პეტ რობერტსონი, ეფუძნება რა ჯორჯ გილდერის აზრებს, შემდეგ დასკვნამდე მიდის: ,,თავისუფალი ბაზრის სისტემა აკმაყოფილებს ადამიანის ღვთაებრივ მოთხოვნილებას, იზრუნოს მოყვასის თავისუფლებაზე.” ქრისტიანი ავტორი რონალდ ნეში განთავისუფლების თეოლოგიის წინააღმდეგ ილაშქრებს, ვინაიდან მასში სახიფათო სოციალისტურ ტენდენციებს ხედავს. მისი აზრით, უპირატესობა კაპიტალიზმს უნდა მიენიჭოს, ვინაიდან ,,სულიერი თავისუფლება” ,,ეკონომიკური თავისუფლების” გარეშე ვერ იარსებებს. ამერიკული სამოქალაქო რელიგიის ლიბერალური ვერსიის წარმომადგენლებს შორის ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც ყურადღებას მამა-დამფუძნებელთა რელიგიურ შეხედულებებზე ამახვილებს და სჯერა, რომ ამერიკა უფლის რჩეული ერია და რომ ქვეყნის კეთილდღეობა და ძლიერება უფლის წყალობაა. კაპიტალიზმის რელიგიური აპოლოგია ლიბერალებისათვის ტაბუირებულია. სამოქალაქო რელიგიის ლიბერალური ვერსია ამერიკაში სულ სხვა რელიგიურ ღირებულებით წარმოდგენებს ეფუძნება და სულ სხვაგვარად წარმოაჩენენ ამერიკელ ერს, ვიდრე კონსერვატორები. ლიბერალები აქცენტს არა ერზე, როგორც ასეთზე, არამედ კაცობრიობაზე აკეთებენ. ლიბერალების აზრით, ამერიკა გლობალურ პასუხისმგებლობას იმიტომ კი არ ატარებს, რომ ღვთის რჩეული ერია, არამედ იმიტომ, რომ ის მდიდარია რესურსებით, პასუხისმგებელია მსოფლიოს უამრავ თანამედროვე პრობლემაზე და ბოლოს და ბოლოს მსოფლიო თანამეგობრობის წევრია. აქედან გამომდინარე, ამერიკა მოვალეა თავისი წვლილი შეიტანოს სიძნელეების დაძლევის საქმეში. ლიბერალური სამოქალაქო რელიგიის შუა გულში არა ებრაულ-ქრიატიანული ტრადიციები, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დგას. ლიბერალები ყურადღებას ამახვილებენ ბირთვულ განიარაღებაზე, ადამიანის უფლებებზე, შიმშილზე, მშვიდობასა და სამართლიანობაზე. მათ ეს თემები იმიტომ კი არ წამოსწიეს წინ, რომ წმინდა მისია აქვთ შესასრულებელი, არამედ იმიტომ, რომ აქ საქმე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხება.





თენგიზ დალალიშვილის თარგმანი

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen