Sonntag, 15. November 2009

ფარაონი ეხნატონი და მონოთეიზმის დაბადება


ეგვიპტოლოგი იან ასმანი მონოთეისტური რელიგიების არატოლერანტობის შესახებ


,,ძალადობის ახალი ფორმა”

შPIEGEL: ბატონო პროფესორო, ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: ,,უფალი ჩემი
მწყემსია”. თქვენი აზრით, იგი ტირანია?

ასმანი: მთლად ასე არ ვიტყოდი. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ის ,,შურისმგებელი” ღმერთია. იგი რისხვით ადევნებს თვალს თავის მტრებს ,,მესამე და მეოთხე თაობამდე”. მორჩილთ კი წყალობას არ აკლებს. რადგან საქმე შურისძიებას ეხება, საღვთო წერილს ძალადობის ენა ახასიათებს.

შPIEGEL: ბიბლია ძალადობის ენაზეა შექმნილი?

ასმანი: მრავალ ენაზე და მათ შორის ძალადობის ენაზეც, რომელიც შურისძიებითაა გამსჭვალული. ღმერთმა ამოირჩია ხალხი და მათთან კავშირი დაამყარა. ის, როგორც ქმარი, ერთგულებას ითხოვს მათგან. მას სურს, სხვა ღმერთებზე შური იძიოს. ბიბლიაში ვკითხულობთ: ,,დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და მათი ძეგლები დაამსხვრიეთ”, ,,და არ დაინდოთ”.

შPIEGEL: ესე იგი ბიბლია ადამიანებს ძალადობისაკენ უბიძგებს?

ასმანი: ძალადობა მოსემდეც არსებობდა. მოსემ, უბრალოდ, ახალ ფორმას დაუდო სათავე. იგი ძალადობდა უფლის სახელით. მაგალითად, მღვდელმა ფინხასმა შუბით განგმირა ზიმრი, რადგან ის მიდიანელ ქალთან, ესე იგი, წარმართთან იწვა. მოგვიანებით, ქრისტიანობამაც მიმართა ძალადობას ჭეშმარიტების სახელით, რადგან თვლიდნენ, რომ ჭეშმარიტ რწმენას, საჭიროების შემთხვევაში, მახვილის საშუალებითაც შეიძლებოდა დაემკვიდრებინა ადგილი წარმართთა შორის, მათი სულები რომ მარადიული სასჯელისაგან ეხსნათ.

შPIEGEL: ბერძნებს ხომ კერპების მთელი წყება ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ბოლოს ერთმანეთს მაინც დაერივნენ.

ასმანი: მათ ომი არ უწარმოებიათ ზევსის ან აპოლონის სახელით. ისინი წმინდა პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ.

შPIEGEL: ასურელები პოლიტიკური მიზეზებით სვამდნენ ძელზე მოწინააღმდეგეებს. ასეთი რამ უფრო მისღებია?

ასმანი: უწინ სახელმწიფოები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ გარეულ თუ შინაურ მტრებს, რაც ბუნტისა და ანარქიის შიშით იყო გამოწვეული. ასეთი ტიპის სახელმწიფო ძალაუფლება, საღვთო წერილის მიხედვით, კარგად ესადაგება ბიბლიურ იდეას ძალაუფლების მოყვარე ღმერთის შესახებ. ბიბლიური მონოთეიზმი თავისი არსით არის ამბოხი გარემომცველი დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ. მხოლოდ ძლიერ ღმერთს თუ შეეძლო, წინააღმდეგობა გაეწია ამ სახელმწიფოებისათვის.



შPIEGEL: მეორეს მხრივ, ებრაელებმა ხომ ახალ მორალურ მასშტაბებს ჩაუყარეს საფუძველი?

ასმანი: ათ მცნებას გულისხმობთ?! ამასთან დაკავშირებით უამრავი პარალელი არსებობს ანტიკურ ეპოქაში. ბიბლიური მონოთეიზმის სიახლე კი ის გახლავთ, რომ მან მორალი ღმერთის პრივილეგიად აქცია. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ძალადობის დაძლევის ეფექტური საშუალებაც იყოს, მაგრამ რა დასკვნები უნდა გავაკეთოთ ჩვენ მაშინ, თუ ადამიანები ღვთის ნებას შეასრულებენ და, მაგალითად, ქვით ჩაქოლავენ უპოვართ, რომლებმაც შეშა შაბათ დღეს შეაგროვეს?

შPIEGEL: მოსეს მეორე წიგნი მონების გათავისუფლებას ითვალისწინებს გაქცევიდან ექვსი წლის შემდეგ. განა, ეს წმინდა ეთიკური მრწამსი არ არის?

ასმანი: მართალს ბრძანებთ! სამართლიანობაზე ზრუნვა საღვთო წერილის ცენტრალური ამოცანაა. მაგრამ, მეორეს მხრივ, ის საძირკველია მონოთეიზმისა. მონოთეისტები კი სხვა ღმერთებს _ ,,კერპებს”, ხოლო მათ მიმდევრებს ,,წარმართებს” უწოდებენ. გადაიზრდება თუ არა ეს მტრობაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ მონოთეიზმის რა სახესხვაობასთან გვაქვს საქმე. ძველებრაული ერთღმერთიანობისათვის ნიშანდობლივი ძალადობა ბიბლიაში მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურულ ამბის დონეზე დარჩა. ძალადობაs ისტორიულად მაკაბელთა ომების დროს არ ჰქონია ადგილი ებრაელთა მხრიდან. ძალადობას პირველად ქრისტიანებმა და მუსლიმებმა მიმართეს. იუდაიზმი ჩაკეტილი რელიგიაა. ის არ ზრუნავს სხვა ხალხზე.

შPIEGEL: ბევრი თეოლოგი ფიქრობს, რომ თქვენ მათი პროვოცირება მოახდინეთ. ეს უსამართლო ბრალდებაა?

ასმანი: ზოგი ფიქრობს, რომ მე საფრთხობელა შევქმენი, რომ თითქოს, ძველ აღთქმაში საუბარია არა ჭეშმარიტ და მცდარ რელიგიაზე, არამედ თავისუფლებასა და მონობაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარა შეუსაბამობაა. ზოგი თვლის, რომ მე პოსტმოდერნის წარმომაგენელი ვარ და აღარ ვაღიარებ სავალდებულო ნორმებს. ეს საყვედური ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ფიქრისკენაც მიბიძგებს.

შPIEGEL: რატომ? თქვენ ფიქრობთ, რომ დისკუსია მონოთეიზმთან დაკავშირებით დღესდღეობით ასე აქტუალურია?

ასმანი: ჯიჰადი, 11 სექტემბერი, ირანის პრეზიდენტის გამოსვლა _ ის მოვლენებია, რომელიც სწორედ მონოთეიზმის კრიტიკისაკენ გვიბიძგებს. გარდა ამისა, მე დებატებში ახალი არგუმენტი შემოვიტანე.

შPIEGEL: რომელ არგუმნეტზე საუბრობთ?

ასმანი: ძველ რელიგიებს შეეძლოთ ერთმანეთის ღმერთები საკუთარ სამყაროში გადმოეტანათ, ვინაიდან ისინი ქმნიდნენ ისეთ შიდა ძალას, რომელიც აღიარებდა და პატივს სცემდა სხვებს. არსებობდა ნამდვილი თანხვედრა ფორმულით: ასტარტე = იშთარ = აფროდიტე = ვენერა. მაშინ რელიგია არ იყო დიფერენცირებული. ის ურთიერთგაგების მეტ საშუალებას იძლეოდა.

შPIEGEL: რას გვთავაზობთ: წინსვლას წარსულისაკენ?

ასმანი: უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ თუ გვსურს თავიდან ავიცილოთ ,,ცივილიზაციათა შეჯახება”, ურთიერთგაცნობისაკენ მიმავალი გზა უნდა ვიპოვოთ.

შPIEGEL: ეს მუსლიმებსაც ეხება?

ასმანი: ბუნებრივია. ისლამი მონოთეიზმის ყველაზე რადიკალური ფორმაა. მან სახელმწიფოების წინააღმდეგ და დედამიწაზე ღმერთის მეუფების დასამყარებლად ამბოხების პოლიტიკური იმპულსი ყველაზე უკომპრომისო ბრძოლად აქცია მაშინ, როდესაც იუდაიზმისათვის ღვთაებრივი სივრცე იწყება მესიის მოსვლით, ხოლო ქრისტიანობისათვის საიქიო ცხოვრებით. ის არ არის პროფანული სივრცე.


შPIEGEL: როგორი უნდა იყოს ტოლერანტული რელიგია?

ასმანი: პასუხი ლესინგის ბეჭდის იგავშია მოცემული. ერთ კაცს ჰყავდა სამი ვაჟი და ჰქონდა ერთი ისეთი ბეჭედი, რომელსაც შეეძლო მისი მფლობელი ღვთის რჩეულად ექცია, ხოლო ადამიანებისათვის კეთილდღეობა მოეტანა. მაგრამ რომელი ვაჟისათვის უნდა მიეცა მამას ბეჭედი? მამას სამივე შვილი ერთნაირად უყვარდა. მაშინ მან დაამზადებინა ბეჭდის ორი ასლი და შვილებს დაურიგა. ამის შემდეგ ყველა ძმას, სათითაოდ, სწამდა, რომ ნამდვილ ბეჭედს ის ფლობდა. ამ რწმენით იღვწოდნენ ისინი ღმერთისა და კაცისათვის, იღვწოდნენ კეთილდღეობისა და ბედნიერებისათვის. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ვერავინ გაიგო, თუ ვის ერგო ნამდვილი ბეჭედი.

შPIEGEL: რას გვეუბნება ჩვენ ეს იგავი?

ასმანი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითქოს აბსოლუტურ, წმინდა წერილებში აღბეჭდილ ჭეშმარიტებას ვფლობთ. უნდა გავთავისუფლდეთ ასეთი წარმოდგენისაგან. ყელა რელიგია კარგა ხანია დაშორდა ჭეშმარიტებას, რომლის ფლობასაც ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივუახლოვდეთ მას.


ფარაონის ანდერძი

როგორ წარმოიქმნა მონოთეიზმი?
ეგვიპტოლოგები კვალს პირამიდების სახელმწიფოდან იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე ეძებენ.
კავშირი მოსესა და იდუმალებით აღსავსე ,,ერეტიკოს-ფარაონ” _ ეხნატონს _ შორის აშკარად არსებობდა.
წარმოშობს ერთღმერთიანობა მოძალადე რელიგიას?


მსოფლიოს ისტორიაში პირველი რელიგიური ომის, მაკაბელთა ამბოხის, დროს (ქრისტეს შობამდე 167 წ.) ათასობით ებრაელი დაიღუპა. თითოეული მათგანი სულის ამოსვლამდე შეუპოვრად იმეორებდა: ,,ეჰად” _ ,,ღმერთი ერთია!” ჯალათები კი უმოწყალოდ აგლეჯდნენ ფრჩხილებს თითებიდან.
უკეთეს მდგომარეობაში არც პირველი ქრისტიანები ყოფილან რომის იმპერიაში. უმრავლესობამ კოლიზეუმის კედლებს შორის პოვა აღსასრული. კოლიზეუმის არენაზე, რომაელთა ღრიალის ფონზე, მათ სხეულებს ლომები გლეჯდნენ.
ყველა ეს მოწამე თავის სიცოცხლეს იმ მოვლენის სახელით თმობდა, რომელსაც საფუძველი 3000 წლის წინათ ქანაანში ჩაეყარა. იმ დროს სემიტურ ტომებს უკვე გააჩნდათ თავიანთი წარმოდგენა ღმერთის შესახებ, წარმოდგენა, რომელსაც დღეს 3,3 მილიარდამდე ებრაელი, მუსულმანი და ქრისტიანი აღიარებს. ისინი მშვიდობითა და მახვილით ავრცელებდნენ უხილავი ღმერთის იდეას დედამიწაზე. მუჰამედმა (,,ჩვენი ღმერთი და თქვენი ღმერთი ერთი ღმერთია”) კი ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
ის მთებს ძრავს, მისი ბრძანებით კალიების სეტყვა მოდის დედამიწაზე, შვიდ დღეში კი ცასა და მიწას ქმნის. მაგრამ, როგორც ჩანს, საეკლესიო საგალობლები ღმერთის ძალადობის ექოს უფრო წარმოადგენს, ვიდრე მშვიდობის ხოტბას. უწინ ებრაელები ღმერთს იხსენიებდნენ აბრევიატურით ჟHჭH. ბიბლიაში იგი თავად წარმოადგენს საკუთარ თავს: ,,მე ვარ, რომელი ვარ”.
დღეს კი მეტად აქტუალური გახდა ბნელი ისტორიამდელი პერიოდი, რომელიც წინ უძღოდა უზენაესი ღმერთის გამოცხადებას. ეგვიპტოლოგები ღმერთის აკვანს ეძებენ. ისინი მიუყვებიან გზას, რომელსაც ეგვიპტის მისტიკურ ფარაონთან, ეხნატონთან (ქრისტეს შობამდე 1353-1336წ.), მივყავართ. ფარაონმა უზარმაზარი ექსპერიმენტი ჩაატარა ჯერ კიდევ ებრაელებზე 600 წლით ადრე. მან ატონის კერპი _ მზის დისკო _ ერთადერთ ღმერთად გამოაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ეხნატონმა საბოლოოდ მარცხი განიცადა, მისი საქმეები კარგად იყო ცნობილი იერუსალიმში. ეს ცხადზე ცხადია. ბიბლიური მოსე ამარნელი ,,ერეტიკოსი ფარაონის” აჩრდილი იყო _ აი, ასე ჟღერს თანამედროვე თეოლოგიის უახლესი ჰიპოთეზა.
ეს ჰიპოთეზა არ წარმოადგენს სენსაციას. მკვლევართა მცდელობა, ჩაუღრმავდნენ ბიბლიის ისტორიას მეცნიერული მეთოდებით, დღეს ბევრს ვეღარ აღაშფოთებს, ვინაიდან დასავლეთის ქვეყნებში რწმენამ მნიშვნელობა დაკარგა.
ჯერ კიდევ რეფორმატორი კალვინი მკრეხელების გაროზგვის მოთხოვნით გამოდიოდა. ამან საქმეს ვერ უშველა. 300 წლის შემდგომ ნიცშე თავდაჯერებით ამტკიცებდა, ღმერთი მოკვდაო. რაციონალურმა გონმა სამყაროსა და ადამიანის შემოქმედისათვის ადგილი ვერ გამონახა.
შედეგი სახეზეა: მოდის ,,უღმერთო ახალგაზრდობა” (,,Fრანკფურტერ Aლლგემეინე”). გერმანელი მოსწავლეების მხოლოდ 23% თუ იცნობს ბიბლიურ მოძღვრებას. საქსენსა და ტიურინგენში მოსახლეობის 50%-ზე მეტი არც ერთ კონფესიას არ მიეკუთვნება; შლეზვიგ-ჰოლშტაინში კი ეს მაჩვენებელი 40%-ს უდრის.
სურათი ასეთია: დაძველებული ეკლესიები, ცარიელი სალაროები. ევანგელური თემები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის მათი მრევლი განახევრდება.
შეშფოთებულნი არიან, უპირველეს ყოვლისა, ტრადიციების დამცველები. ისინი შიშობენ, რომ პოლიტიკური კაიკაცობა და ეთიკური კომისიები ვერ შეინარჩუნებენ საზოგადოებაში ერთობასა და მოყვასის სიყვარულს. ამისათვის უფრო გოთური ტაძრები, სურნელოვანი საკმეველი, საგალობლების მოსმენა და აღსარების ჩაბარებაა საჭირო.
თუმცა ერთ დროს ლუთერის ,,მტკიცე სიმაგრე” _ უკანასკნელი მორალური საყრდენი _ შემოტევას ვეღარ უძლებს. უფლის ზნეობრივი განუყოფლობის იდეა ეჭვის ქვეშ დადგა. ამტკიცებენ, რომ მონოთეიზმი თითქოს თავისთავად მოძალადე რწმენაა. ნუთუ დასავლეთი 2500 წლის წინათ ასე საშიშ და მცდარ გზას დაადგა?!
ასეთი ეჭვი გაუჩნდა ეგვიპტოლოგ იან ასმანს, რომელიც არქეოლოგთა წრეში ამ პროფესიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად ითვლება. იგი მძვინვარე სფინქსივით აღიმართა მომავალი თაობების წინაშე. ასმანი თავის ნაშრომებში ამტკიცებს, რომ ერთღმერთიანობა მტრობასა და შეუწყნარებლობას შობს.
პროფესორი საკმარისად პოულობს ძალადობის ამსახველ ციტატებს ბიბლიაში და მათ თავისი ბრალდებებისათვის იყენებს. ლეგენდებისაგან შედგენილი ისრაელიანთა ისტორია, პრინციპში, ხოცვა-ჟლეტის, სასჯელისა და სისხლისღვრის მთელი წყებაა. უფლის სახელით დევნიდნენ ებრაელები ადამიანებს და ძალის გამოყენებით აუქმებდნენ შერეულ ქორწინებებს.
საბრალდებო სკამზე, პირველ რიგში, მოსე დასვეს. მეცნიერის აზრით, მოსემ სინას მთიდან ფატალური უწყება ჩამოიტანა: ,,მან ერთმანეთისაგან გამიჯნა ჭეშმარიტი და მცდარი რელიგია.” ეს კი ნიშნავდა შემდეგს: მხოლოდ მოსეს ღმერთი იყო კარგი, სხვებისა კი ზიზილ-პიპილა, უწმინდური და უსუსური.
ასმანის აზრით, მოსემ შემოიტანა ,,რევოლუციური სიახლე, რამაც სამყარო ფუნდამენტურად შეცვალა” _ მაგრამ არა აუცილებლად სასიკეთოდ. უწინ, პოლითეიზმის ეპოქაში, არსებობდა ასეთი პრინციპი: იცოცხლე და აცოცხლე. შურისძიებით აღვსილი იაჰვე კი არავის უყოფს ზეციურ ძალაუფლებას.
კონსტანცელი ეგვიპტოლოგი აქედან ასკვნის, რომ ამ მოვლენამ დედამიწაზე ,,სიძულვილის ახალ ფორმას” ჩაუყარა საფუძველი. ეს არის ,,სიძულვილი წარმართების, ერეტიკოსებისა და კერპთაყვანისმცემლების მიმართ.”
ასმანი იხსენებს ოქროს ხბოს მოსეს მეორე წიგნიდან, კერძოდ, ბოლო სცენას: ,,დადგა მოსე ბანაკის ბჭესთან, და თქვა: ,,ვინც უფლისაა, ჩემსკენ!” მოსე რისხვით აღვსილი მოუწოდებს ხალხს, მოკლან ყველა ცოდვილი და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის: ,,ძმა, მეგობარი თუ ნათესავი.” 3000 კაცი გაანადგურეს იმ დღეს. ,,გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ადამიანებს იაჰვე აიძულებს, კავშირი, რომელსაც იგი გვთავაზობს, აღემატება ყოველგვარ ადამიანურ ერთობას და სპობს მას”,– ამბობს ასმანი.
რა გასაკვირია, თეოლოგები ამ აზრს გამოწვევად რომ იღებენ. დებატები ძალიან გახურდა. რამდენიმე კვირის უკან ლურენცში ერთმანეთს კულტუროლოგები შეხვდნენ. მარტში კი კონფერენცია ჩატარდა ებერნბურგში. ძველი აღთქმის სპეციალისტმა როსტოკიდან, მარტინ როსელმა, აღნიშნა, რომ ,,ასმანმა მეტად მძიმე დისკუსიის პროვოცირება მოახდინა. მან პრინციპულად დააყენა ეჭვქვეშ მთავარი მოწმობანი.”
ზოგი ფიქრობს, რომ ასმანმა შექმნა საფრთხობელა, წარმართული ,,სამყარო ტოლერანტობისა” და შეტევა პოსტმოდერნული პოზიციებიდან განახორციელა.
თავდაპირველად უფლის სიტყვას ცუდი ტონი ჰქონია, _ ხუმრობით დასძენს ძველი აღთქმის სპეციალისტი, შვეიცარიელი ოტმარ კელი. ძალიან გვიან, ესაიას წიგნის მეორე ნაწილში, კერძოდ, ბაბილონის ტყვეობის ფაზაში (ქრისტეს შობამდე 587 წ.), ებრაელებმა ,,ნამდვილ” ერთღმერთიანობას ჩაუყარეს საფუძველი. ქრისტიანული მოძრაობა სწორედ აქ ჩაისახა: ,,უფალი სრულყოფილი სიკეთე და სიყვარულია.”
აშკარაა, რომ კამათი მორალური საფუძვლების თაობაზე პიკს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ მამაზეციერი კარგა ხანია მკვდრად გამოაცხადეს, იგი მოულოდნელად ისევ აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე.
დებატები მიდის მონოთეიზმის წარმომავლობის შესახებ. საუბარია იმაზე, თუ საიდან მოდის ერთი და განუყოფელი ღმერთის იდეა.
ჯერ კიდევ ნეანდერტალელ ადამიანს სწამდა, რომ საიქიო ცხოვრება არსებობდა. ისინი ყვავილებით ამკობდნენ თავიანთ მიცვალებულებს. აფრიკაში დღესაც სჯერათ მაგიის. აზიელი ინდუსები და ბუდისტებიც დასავლეთისაგან განსხვავებულ გზას დაადგნენ.
თითქოს ყველაფერი კარგა ხნის გარკვეული იყო: ვფიქრობდით, რომ ებრაელთა ,,განსაკუთრებულმა რელიგიურმა გენიამ” უსასრულო და უხილავი ღმერთი შვა. ასმანის კვლევაში საუბარია შემდეგ მომენტებზე:

• ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 1800 წელს პატრიარქი აბრაამი მსხვერპლს სწირავდა ღმერთს.
• ქრისტეს შობამდე 1250 წელს ეგვიპტე დატოვა მოსემ.
• ქრისტეს შობამდე 1000 წელს ბიბლიურმა მეფეებმა დავითმა და სოლომონმა ებრაული იმპერია შექმნეს.

ულამაზესი და უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც სოლომონი მართავდა, ევფრატის ნაპირებიდან ხმელთაშუა ზღვამდე უნდა ყოფილიყო გადაჭიმული. არც ერთი სიტყვა აქედან მართალი არ არის: ,,ბრინჯაოს ხანის კონცეპტებს” თეოლოგები კარგა ხანია უნდა გამომშვიდობებოდნენ.
შთამბეჭდავი რაოდენობა არქეოლოგიური აღმოჩენებისა ადასტურებენ იმას, რომ წმინდა წერილი ძველი ისრაელის შელამაზებული ისტორიაა. პირველ ყოვლისა, საუბარია დაახლოებით ქრისტეს შობამდე 500-400 წლებზე _ აი, ასეთი მწარე დასკვნა მოჰყვება ასმანის ნაშრომს. თეოლოგი მანფრედ ლაიპერტი კი ამბობს, რომ: ძველი აღთქმა არის ,,კრებული, რომლის საბოლოო სახეც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა.”
ჩანაწერების გაკეთებაზე პასუხისმგებლები იყვნენ იერუსალიმის დიდი ტაძრის (განადგურდა ქრისტეს შობამდე 586 წ., აღდგა ქრისტეს შობამდე 516 წ.) მღვდლები, რომლებიც იაჰვეს ადიდებდნენ. ეს პირქუში საკულტო შენობა, რომელიც სიონის მთაზე (დღეს აქ აკსა-მეჩეთი დგას) იყო აგებული, ერთ დროს მოვლენათა ეპიცენტრს წარმოადგენდა. წვეროსანი მღვდლები, რომლებიც ლურჯი ლენტებით გამშვენებულ შესამოსელში იყვნენ გამოწყობილნი, გარს უვლიდნენ ქვის გალავანს. რიტუალის შესრულების დროს ისინი ყურის ბიბილოზე ვერძის სისხლს იპკურებდნენ.
უფლის ფანატიკოსი მიმდევრები სინამდვილეში არ აღნუსხავდნენ რეალურ ამბებს მთელი სიზუსტით. ბიბლიის შემქმნელებმა თავიანთ ქვეყანას გაყალბებული ისტორია მოახვიეს თავს. ჰაიდელბერგელი ექსპერტი რელიგიის საკითხებში, ბერნდ-იორგ დიბნერი, ამბობს: ,,მათ წარსულში საკუთარი იმპერიული ოცნებები ისტორიაში გადმოსცეს.”
თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამასთან დაკავშირებით, წარმოდგენას გვიქმნის, პირველ ყოვლისა, არქეოლოგია და ნახევრად სანდო ,,მეფეთა წიგნი” ბიბლიიდან. ნამდვილი ისტორია ასეთნაირად წარმოგვიდგება:
დაახლოებით ქრისტეს შობამდე 900 წ. პალესტინაში წარმოიქმნა ორი სახელმწიფო: ჩრდილოეთში _ ,,ისრაელი”, სადაც 50 000 კაცი ცხოვრობდა; სამხრეთში _ მეჩხერად დასახლებული ,,იუდეა”, დედაქალაქით _ იერუსალიმი.
მოსახლეობა აღმერთებდა კერპებს, მათ შორის ბაალსა და მოლახს, ხოლო ღმერთების მამას, ელ. იაჰვეს, როგორც ადგილობრივ ამინდის ღმერთს, თაყვანი პირველად ჩრდილოეთ სინაზე სცეს. მეფე იერობამმა (დაახლ. ქრ. შ-მდე 926-907 წწ.) აღმართა წმინდა ხარის ქანდაკება, რომელიც სიმბოლურად იაჰვეს განასახიერებდა.
კულტის ამ პრიმიტიულ ფორმას შურისმაძიებელმა მონოთეისტებმა დაუპირისპირეს სიტყვა: ,,ერთღმერთიანობა”. მათ უფრო მეტი აბსტრაქცია და სულიერება სურდათ. მონოთეისტებმა ღიად მიიტანეს იერიში მთავართა რელიგიურ პოლიტიკაზე. ,,სახელმწიფო სიწმინდეთა გამგებელნი და მათი კარისკაცნი, ასევე მღვდლები და წინასწარმეტყველნი” (ვაიპერტი) მასობრივი ცეცხლისა და შეტევის ადრესატებად იქცნენ.
ოსეასა და ამოსის (ცხოვრობდნენ დაახლ. ქრისტეს შობამდე 750 წ.) წინასწარმეტყველებაში აშკარად ჩანს, თუ როგორი სიბრაზით გმობდნენ ისინი კერპთაყვანისმცემლობას.
ბიბლიური მქადაგებლები იყენებდნენ ყოველგვარ საშუალებას: მუქარას, დამცირებას, წყევლას. წინასწარმეტყველი მიქა (მოღვაწეობდა ქრ. შ-მდე 740-705 წწ.) ხალხს ამუნათებდა, რადგან ისინი კერპებს სცემდნენ თაყვანს. მისი კოლეგა ელია კი იქადნიდა, რომ კიშონის ნაპირას 450 ბაალის მადიდებელი მღვდელი მოკლა.
ჰაიდელბერგელმა რელიგიის სოციოლოგმა ფრანც მაკიევსკიმ ამ უძველეს მონომანებს ,,ფანატიკური რწმენის ეთიკოსები” უწოდა. და მაინც, მთელი რიგი სამხედრო კატასტროფების შედეგად ამ რელიგიურმა უმცირესობამ ძალაუფლება მოიპოვა:
• ქრ. შ-მდე 722 წ. ასურელებმა დააქციეს პატარა ქვეყანა ისრაელი.
• ქრ. შ-მდე 587 წ. აღმოსავლელ მეფეთა შემოტევის შედეგად თავისუფლება იუდეამაც დაკარგა.
მაშინ 20 000 ებრაელი ტყვე გადაასახლეს ბაბილონში. ეს იყო ეროვნული თვითმყოფადობის დასასრული. მაგრამ იაჰვეს მღვდლებმა, რომლებიც მოწყვეტილნი იყვნენ სამშობლოს და გაუცხოების საფრთხესაც აშკარად გრძნობდნენ, მოახერხეს სადავეების ხელში აღება. მათ თავიანთი შვილები უზენაესი ღმერთის დროშის ქვეშ გააერთიანეს.
აი, სწორედ ამ დროს შეიქმნა კომუფლაჟი, ერთგვარი წიგნი ზღაპრებისა, რომელიც ასობით უძველესი, სახეცვლილი ხელნაწერებისა და გადმოცემებისაგან შედგება. საღვთო წერილი ერთი დიდი ლაბირინთია.
ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ გამოცხადება არ შემდგარა. ღმერთის დაბადება, ეს უფრო ხანგრძლივი, სისხლიანი და ტანჯვით აღსავსე პროცესი იყო, პროცესი, რომელიც სადღაც ქრ. შ-მდე XIX საუკუნიდან IV საუკუნემდე გრძელდებოდა.
ებრაელები აღარ არიან პიონერები. დაახლოებით ქრ. შ-მდე 550 წ. ცხოვრობდნენ სპარსელი ზარათუსტრა, ჩინელი კონფუცი და იონიელი ნატურფილოსოფოსები. ისინიც მყარი სულიერი შემართებით გამოირჩეოდნენ.
,,ღერძულ პერიოდს” კარლ იასპერსმა უწოდა ეპოქა, სადაც ადამიანმა პირველად შეძლო ,,შინაგანად დაპირისპირებოდა მთელ სამყაროს”.
თუმცა წმინდა მიწის გამოცანას ეს ვერ ხსნის. კონფუცი სიბრძნისა და სიმშვიდისაკენ ისწრაფოდა; იონიელები კი ცოდნისაკენ. წმინდა წერილი, მათგან განსხვავებით, არის სრული სიჯიუტე და სასოწარკვეთა. ებრაულ-ქრისტიანულ რელიგიაში ადამიანს სინანულის მეშვეობით ცოდვა უკან აღარ დაუბრუნდება.
მონობის ატმოსფეროს, შიშს ამკვიდრებს ძველი აღთქმის ზეკაცი. ,,ემუნაჰ” (,,ერთგულება”) _ ამ სიტყვით აღნიშნავენ ებრაელები რწმენას. ღმერთი ეჭვიანი ქმარივით იქცევა. ის ,,ქორწინდება” რჩეულ ერზე და მისგან აბსოლუტურ ერთგულებას ითხოვს. ფსიქოლოგი ბრუნო ბეტელჰაიმი თვლის, რომ სემიტური ღმერთი გაცილებით შემაძრწუნებელი იყო, ვიდრე პირველყოფილ ხალხთა საშინელი ღმერთების მთელი წყება”.
ძალადობის უზარმაზარი პოტენციალი, რომელსაც ბიბლია ინახავს, უამრავი დანაშაულის მიზეზი გახდა ჟამთასვლისას:

• მოვლენები ვითარდებოდა უდაბნოში, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს.
• ქრ. შ-მდე 720_ქრ. შ-დან 70 წლებში იერუსალიმი, სულ მცირე, ექვსჯერ მაინც დალაშქრეს და დააქციეს უცხოურმა არმიებმა.
• ყველა რევოლუციონერის მსგავსად, იაჰვეს მიმდევრებმაც ძალადობას მიმართეს ძველი ზნე-ჩვეულებების გასანადგურებლად. ისინი განუწყვეტლივ იმეორებდნენ: ,,ამოჟლიტეთ”, ,,მოკალით”, ,,გაანადგურეთ”!

საიდან იღებდნენ ისინი ენერგიას? რა წყაროებით იკვებებოდა ამ ხალხის წარმოდგენა ღმერთთან მიმართებაში? ვისაც სჯერა, რომ კონცენტრაციის პროცესი მხოლოდ ზეცაში დასრულდა, ცდება. ახალმა ზეციურმა ძალამ ვითარება შეცვალა არა მხოლოდ ზეცაში, არამედ დედამიწაზეც.
იერუსალიმში მღვდლებმა უპრეცედენტო ფორმით დაამყარეს პატრიარქატი. თანამედროვე ფსიქოანალიზი გვაუწყებს, რომ მაშინ მამაკაცების საკრალური გაერთიანების ინსცენირება მოხდა. ღმერთი მათთვის იყო ,,მამა”, რომელსაც ისინი უწოდებდნენ ადონაი-ს (,,უფალი”). ის მორჩილებასა და თავმდაბლობას ითხოვს _ უპირველეს ყოვლისა, თავისი ვაჟებისაგან.
ქალებს ამ დროს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდათ. სხვათა შორის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იაჰვეს თავდაპირველად მეუღლედ ნაყოფიერების ქალღმერთი აშერა ჰყავდა. ქრ. შ-მდე 586 წლამდე მისი საკულტო ხე იერუსალიმის ტაძარში იდგა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, წინასწარმეტყველებმა მასზე იერიში მიიტანეს. აშერა მათთვის წარმართული ნაყოფიერების ღვთისმგმობელი კერპი იყო.
მოსეს მეხუთე წიგნში მუქარა ისმის: ,,არ დაირგო აშერა, რა ხისაც არ უნდა იყოს”, ,,სძულს იგი უფალს, შენს ღმერთს”.
საბოლოოდ გაანადგურეს ეს უკანასკნელი პარტნიორი უფალი ღმერთისა. ბაბილონიდან ღმერთი დაქვრივებული დაბრუნდა.
მღვდლებმა წმინდა აქტით საბოლოოდ გაამყარეს ,,კავშირი” ღმერთთან. ეს ძალადობის აქტია. მღვდლები ყველა მამრობითი სქესის მეძუძურ ბავშვს მერვე დღეს წინდაცვეთას უტარებდნენ. მოჰელი აიყვანდა ჩვილს, ფრჩხილით გასწევდა ჩუჩას და აჭრიდა. ეს სისხლიანი დანაშაულია, რომელიც სისხლსა და ხორცში აქვთ ებრაელებს გამჯდარი.
ჰაიდელბერგელმა სოციოლოგმა ფრანც მაკიევსკიმ თავის შესანიშნავ წიგნში (Fრანზ Mაციეჯეწსკყ: ,,Pსყცჰოანალიტყსცჰეს Aრცჰივ უნდ ჯüდისცჰეს Gედეცჰტნის. Fრეუდ Bესცჰნეიდუნგ Mონოტჰეისმუს”. Pასსაგენ Vერლაგ, ჭიენ.) წინდაცვეთა აღწერა, როგორც მონოთეიზმის მამოძრავებელი ძალა. ის იყო ,,დიდი და გენერაციული, მაგრამ ამავე დროს ფარული ძალა”, რომლის მეშვეობითაც ,,მონოთეიზმი სამუდამოდ დამკვიდრდა ძველებრაულ საზოგადოებაში”.
მაგრამ საკითხავი ისაა, თუ სად აქვს გადგმული თავისი ისტორიული ფესვები ერთღმერთიანობას? გაჩნდა ახალი დეტალები. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბიბლიის შესავალს ფარდა ეგვიპტეში უნდა ახადონ. ჩვენ წინ მოულოდნელად უძველესი ეპოქის ყველაზე საოცარი რელიგიური ძალა აღიმართა. ძალა, რომელიც პირამიდებს აგებდა, ათასობით კერპს სცემდა თაყვანს და ნიანგების მუმიფიცირებითაც კი იყო დაკავებული. როგორც ჩანს, კვალს სწორედ აქეთ მივყავართ.
ეგვიპტე, როგორც სიწმინდისა და სისუფთავის სამყარო, ანტიკურ ეპოქაში სამაგალითო ქვეყნად ითვლებოდა. ბერძნები აღფრთოვანებულნი იყვნენ ეგვიპტელთა საოცარი მიღწევებით. სხვაგვარად ფიქრობდნენ ებრაელები: მათი აზრით, ეგვიპტური პანთეონი წყვდიადის, ცრურწმენებისა და ჯადოქრობის სიმბოლოთა სამყაროს განსახიერება იყო.
,,ეგვიპტის თვალსაჩინო გამოცდილებას გმობს ბიბლია, როგორც უსაშინლეს ცოდვას” , _ ამბობს ასმანი. საღვთო წერილის მიხედვით, ,,ეს იყო ცთომილებებისა და სიცრუის ნიმუში.”
ეს თემა წითელ ხაზად გასდევს ძველ აღთქმას. ებრაელები ზიზღითა და გაოცებით უყურებდნენ იეროგლიფების ქვეყანას, ვინაიდან ადამიანები თაყვანს სცემდნენ კერპებს. თუმცა ცნობილია ისიც, რომ ძველი ეგვიპტელები შესანიშნავად ერკვეოდნენ მათემატიკაში, ასტრონომიასა და ქირურგიაში.
ჯერ კიდევ აბრაამმა აიღო გეზი ეგვიპტისაკენ. მას იოსები მიჰყვა. იოსები ფარაონის კარისკაციც კი გახდა. ისრაელიანები 430 წლის განმავლობაში იყვნენ გამოკეტილნი ,,მონობის სახლში”. მათ სასიკვდილოდ სცემდნენ და დასცინოდნენ ეგვიპტელები.
მოსემ კი თავისუფლება მოუტანა თავის ხალხს. ბიბლიურ დრამაში სასწაული შემოდის. დგება ჟამი გამოხსნისა. იაჰვე _ ღრუბლის სვეტის სახით _ სინას მთამდე აცილებს თავის ხალხს, სადაც ეცხადება კიდეც მათ. ამას მოსდევს აღთქმული მიწის ამბავი.
მეცნიერები ადრევე მიხვდნენ, რომ უდაბნოში ხეტიალის ისტორია განსაზღვრულ ფსიქოლოგიურ სქემაზეა აგებული: ისრაელიანთა შვილები ეგვიპტის წიაღში აღიზარდნენ. ეგვიპტეში ისინი უხმობდნენ ღვთაებრივ მამას, რომელიც იხსნის და ახალ სამშობლოში წაიყვანს მათ. ის, რომ მათ წითელი ზღვა გადალახეს, დაბადების აქტის ტოლფასია.
ბიბლიაში წარმოდგენილი პირამიდების სახელმწიფო არ ატარებს მხოლოდ პირქუში აჩრდილის სახეს, ამას ემატება ისიც, რომ არქეოლოგებმა, რომლებიც გათხრებს მემფისსა და თებეს შორის აწარმოებენ, გამაოგნებელი აღმოჩენა გააკეთეს: იუდეველებმა ისტორია შეალამაზეს. ერთღმერთიანობის იდეა სინამდვილეში ეგვიპტიდან მოდის.
ფარაონი ეხნატონი, XVIII დინასტიიდან, საიდუმლოებებით მოცული კაცი იყო ეგვიპტის ისტორიაში. მან საუკუნეებით გაუსწრო ებრაელებს. ფარაონმა აღიარა ერთი ღმერთი: ატონი, მზის დისკო, რომელიც თვალისმომჭრელ ელვარებას ასხივებდა.
ეხნატონი ქრ. შ-მდე 1353 წელს ავიდა ტახტზე და თავის საქმესაც იმთავითვე შეუდგა. დელტამდე და ზემო ეგვიპტემდე უწევდნენ ფარაონის მცველები. ისინი შედიოდნენ ტაძრებში და ღმერთების სახელებს კედლებიდან შლიდნენ. ფარაონმა მხოლოდ ჰელიოპოლისი დატოვა ხელუხლებელი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ აქ ცხოვრობდნენ ამ მოძრაობის სულისჩამდგმელები.
ტრადიციულად, ეგვიპტური ღმერთები ტაძრის ზარდახშებში იყვნენ გამოკეტილები. ყოველი მათგანი 40 - სანტიმეტრიან ოქროს, ვერცხლისა და კეთილშობილი ქვისაგან დამზადებულ ფიგურებს წარმოადგენდა. ქურუმებს ყოველდღიურად საჭმელი მიჰქონდათ მათთვის, აბანავებდნენ რძეში და მოსავდნენ სამოსელით. სამაგიეროდ კერპები სიკვდილის შემდეგ სიმშვიდესა და იმედს ჩუქნიდნენ მათ; ლოცავდნენ და ბედნიერებას პირდებოდნენ.
მათგან განსხვავებით ატონი უხილავი, ნათელი სხივი იყო, სხივი, რომელიც დედამიწას ეფინებოდა. ერეტიკოსმა ფარაონმა უარყო მიცვალებულთა გაპატიოსნების ძველი ტრადიციები. ბალზამირებასა და მუმიფიცირებას აღარავინ იყენებდა. კავშირი იმიერ სამყაროსთან გაწყდა.
ყველაფერი მონოთეიზმის ამ პირველი წინასწარმეტყველის განსაკუთრებულობასა და უჩვეულობაზე მეტყველებს. ეხნატონი, - ამბობს ასმანი, - ,,ისტორიაში მოულოდნელობებით აღსავსე კაცი იყო”.
მაშინ, როდესაც სხვა ღმერთების ტაძრებს ხავსი მოეკიდა, ახალმა მბრძანებელმა ატონისათვის სილამაზის მემორიალი გააკეთებინა. მან თებეში 600 მეტრი სიგანის მოედანი ააგო ასობით სამსხვერპლოთი. ყოველ დილით ატონის მადიდებელი მღვდლები მსხვილფეხა რქოსან საქონელსა და შინაურ ფრინველს კლავდნენ და სამსხვერპლო ხორცს ამომავალ მზეს უწვდიდნენ.
,,შენი სხივები სწვდება მთელ ქვეყანას”, _ ნათქვამია ათონის საგალობელში, -,,შენ მილიონობით ცვლილების მიზეზი ხარ და ერთი ხარ.” აქამდე უცნობი რელიგიური ძალა სიმღერით ადასტურებს, რომ მსოფლიოს ისტორიაში უძველესი და უნივერსალური ღმერთის მორჩილება აქედან იწყება.
რელიეფებზე ეხნატონი ჩამოშვებული მუცლითა და გაბერილი ტუჩებითაა გამოსახული. კეფა გროტესკულად აქვს წაგრძელებული, ქუთუთოები დამძიმებული. მის სტატუებს, რომლებიც არქეოლოგებმა 1920-იანი წლების ბოლოს კარნაკში აღმოაჩინეს, მკერდი თითქმის ქალური, გენიტალური ზონა კი დიფუზიური _ არც ფალოსი და არც ვულვა _ აქვს.
მეფე ავად ხომ არ იყო? ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეხნატონს ჰორმონების დარღვევა ჰქონდა. ანტიკური პერიოდის მკვლევარი იმანუელ ველიკოვსკი თვლის, რომ მას ,,ჰომოსექსუალური მისწრაფებები” ახასიათებდა. თუ ის მხოლოდ ოცნებობდა? მას არა ერთი მისიონერული ომი უწარმოებია მზის სახელით. მმართველობის მეხუთე წელიწადს იგი შორეულ თელ-ელ-ამერნას უდაბნოში გადავიდა, რომლის დატოვებაზეც აღარ უფიქრია.
სწორედ მაშინ დაარსდა ახალი დედაქალქი, რომელსაც ახენ-ატონი (,,ათონის ჰორიზონტი”) უწოდეს. 50 000 სახელმწიფო მოხელე, მსახური, პრინცი და დალაქი გადავიდა ახალ დედაქალაქში საცხოვრებლად. მაშინ, როდესაც ქალაქის საზღვრებს მიღმა ჭირი მძვინვარებდა (მან სირიამდეც უწია), მზის მეტროპოლიაში ცხენებშებმული მორთული ეტლით დადიოდა ეს უცნაური კაცი თავის მშვენიერ მეუღლესთან, ნეფერტიტთან, ერთად.
რელიეფებზე ჩანს, რომ მეფე საყვარელი ადამიანებითაა გარშემორტყმული. ეხნატონს მკლავზე ჩვილი ბავშვი უზის. როგორც ამბობენ, მას ცხრა ქალიშვილი ჰყავდა. არავის სჯერა, რომ აქ ოჯახურ იდილიასთან გვაქვს საქმე. არსებობს მინიშნებები, რომ ეხნატონს სექსუალური კავშირი ჰქონდა არა მხოლოდ უფროს ქალიშვილთან, მერიტატონთან, და ვაჟიშვილთან _ სემენხკარესთან, არამედ საკუთარ დედასთანაც.
ნეფერტიტი ეხნატონის მმართველობის XIII წლის შემდგომ უკვალოდ ქრება. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნვეს, რომ იგი მოკლეს. აშკარაა, რომ ეს მმართველი ძალადობითა და უკიდურესი თეოკლასტური რადიკალიზმით გამოირჩეოდა. ყველაფერი, რაც ხალხისათვის წმინდა იყო, მან ფეხქვეშ გათელა.
იმ პერიოდის ქვის სტელებზე მრავლად არიან გამოსახულნი ფარაონის ჟანდარმები (,,საშა’უ), რომლებიც გრძელი ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი. უბრალო ხალხი კი ამ სტელებზე, ძირითადად, ქედმოხრილ მდგომარეობაშია წარმოდგენილი, რაც, ალბათ, მორჩილების ჟესტია. ან იქნებ, მოქალაქეები ჟანდარმების შოლტებით მიყენებული ტკივილისაგან ღმუიან?!
ფაქტია, რომ სიტყვას, ,,ღმერთები”, ტაბუ დაადეს. ყველას ეკრძალებოდა ამ სიტყვის წარმოთქმა. არსებობდა ერთადერთი ღმერთი ატონი _ უსახო და უხილავი გვირგვინი მზის სინათლისა. ის არ იყო უსულო ქვა. ამიტომ ძნელი იყო მისი უარყოფა. ამარნელი მღვდლები ატონს თაყვანს თავიანთ გულებში სცემდნენ. მათ საკრალურ ნაგებობებს არ ჰქონდა სახურავი. მსხვერპლშეწირვა ღია ცისქვეშ სრულდებოდა.
მმართველობის XVII წლის თავზე გარდაიცვალა ეგვიპტელი გურუ, რასაც ადასტურებს ეხნატონის ერთ-ერთი რელიეფი, რომელზეც წაგრძელებული თავითაა გამოსახული. ეხნატონის გზას დაადგა მისი მემკვიდრე სემენხკარესიც.
როდესაც სემენხკარესი მოკვდა, ტახტზე ავიდა რვა წლის ტუტანხატონი. მოგვიანებით, ამონის მღვდლების ზეწოლით, მას სახელი გადაარქვეს და უწოდეს ტუტანხამონი. მის აკლდამაში ნაპოვნ განძში განსაკუთრებით საინტერესოა სამეფო ტახტი, რომლის საზურგეზეც ატონის სხივებით გაბრწყინებული ყრმა ტუტანხამონია გამოსახული. მაგრამ შემდეგ უკვე გენერალმა პუტჩი მოაწყო და დრო უკან დაბრუნდა. აღდგა ღმერთების დემოკრატიული სტატუს - კვო. სტელაზე ვკითხულობთ: ,,ქვეყანამ ავადმყოფობა გადაიტანა”.
ეხნატონი კანონგარეშედ გამოაცხადეს, მისი სახელი ამოშალეს ფარაონთა სათვალავიდან. ისე ჩანდა, თითქოს ეგვიპტემ მონოთეიზმის საშინელ სიზმარს დააღწია თავი და გამოფხიზლდა.
ასი წლის უკან არქეოლოგებმა ერეტიკოსი მეფის პირველ ნაკვალევს მიაგნეს. მაშინ ისინი ცდილობდნენ, დაედგინათ კავშირი ფარაონსა და ბიბლიურ მოსეს შორის. შედეგიც სახეზეა: ,,მათ საერთო ჰქონდათ ის, რომ ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის განსხვავება განკვეთისა და დევნის საგნად აქციეს”, _ ამბობს ჟან ასმანი.
რა უნდა აკავშირებდეს ეგვიპტელ გურუსა და მოსეს ერთმანეთთან? ნუთუ მართლა არსებობს საიდუმლო გზა ნილოსსა და იერუსალიმს შორის?
ჯერ კიდევ გენიალურ ამერიკელ ეგვიპტოლოგს, ჯეიმს ბრესტედს, რომელიც 1884 წელს სადოქტორო ხარისხს ბერლინში იცავდა, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოკრძალებული აზრი ჰქონდა. ის ფიქრობდა, რომ ებრაელებმა როგორღაც გაიგეს მზის რელიგიის შესახებ. ამ აზრს ეთანხმებოდა გერმანელი ისტორიკოსი ედუარდ მაიერიც.
ეს საკითხი უფრო სერიოზულად დაამუშავა ზიგმუნდ ფროიდმა. 1937 წელს, როდესაც გერმანიაში ანტისემიტიზმი ბობოქრობდა, კიბოთი დაავადებულმა ფსიქოანალიზის მამამ თავისი უკანასკნელი ნაშრომი _ ,,კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია” _ დაასრულა.
წიგნში ის გამოთქვამს აზრს, რომ მოსე სინამდვილეში ათონის მღვდელი იყო ჰელიოპოლისიდან. ეხნატონის რელიგიური პროექტის ჩავარდნის შემდეგ მოსე ებრაელი მონების ჯგუფმა აირჩია, რათა მას, ასე ვთქვათ, გაეგრძელებინა ეს საქმე, ოღონდ, უფრო მცირე მასშტაბებით.
ფროიდის ეჭვებს აღძრავს სახელი მოსე (,,მოსე” ეგვიპტური სიტყვაა და ბავშვს ნიშნავს) და, უპირველეს ყოვლისა, მოსეს მდინარეში პოვნის ლეგენდა. ბიბლიაში წერია, რომ მოსე ებრაელი მონის ნაშობი იყო. დედამ თავისი ჩვილი ჭილის კალათაში ჩასვა და მდინარე ნილოსს გაატანა. ბავშვი შემთხვევით ფარაონის ქალიშვილმა იპოვა და სასახლეში წაიყვანა. მოსე ფარაონის კარზე გაზარდეს.
ფროიდი ფიქრობს, რომ მოსე ეგვიპტელი იყო. ხმები მოსეს მდინარეში ჩასმის თაობაზე იყო ებრაელების ფანდი, რათა უცხოები ებრაელებად გაესაღებინათ და ისინი ებრაელთა ,,ერის წარმოშობის მითოსში” მამოძრავებელ ძალად წარმოესახათ.
ფსიქოლოგიის დამფუძნებლისაგან ეს საკმაოდ გონივრული დასკვნა გახლდათ. მან ისიც იცოდა, რომ ამ ისტორიას გაგრძელებაც ჰქონდა: ნახევრად წარმართ ებრაელებს მოსეს მკაცრმა კანონებმა საყრდენი გამოაცალა. ასე რომ, მათ მოსე მოკლეს.
უფრო ადრე, 1912 წელს, გამოვიდა ფროიდის ნაშრომი ,,ტოტემი და ტაბუ”, სადაც ფსიქოანალიტიკოსმა მამისა და ვაჟიშვილის კონფლიქტი რელიგიური ქცევის წყაროდ გამოაცხადა. მისი მოდელი ასეთია: ,,უძველეს ტომებში” დომინირებდა ყველაზე ძლიერი მამაკაცი, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ყველა ქალზე. თავისი აბსოლუტური ძალაუფლებიდან გამომდინარე, იგი თავისი ვაჟებისა და ძმებისაგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა. ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებდა, მას კასტრაცია ემუქრებოდა.
ამ დესპოტების წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ დანარჩენი მამაკაცები. ისინი კლავდნენ თავიანთ ბელადს და ბელადის ძლიერების მისაღებად ,,ტოტემური ტრაპეზობისას” მის სხეულს ჭამდნენ.
ამის შემდეგ მკვლელები განიცდიდნენ დანაშაულის გრძნობასა და სინანულს ტომის დამცველის სიკვდილის გამო. ძველმა მამამთავარმა ქვეცნობიერში დაიმკვიდრა ადგილი. იგი ,,ტოტემურ ცხოველად” იქცა, რომელსაც შემდეგ თაყვანს სცემდნენ, როგორც კულტს. ასეთი იყო კაცობრიობის პირველი რელიგიური სისტემა.
ფროიდის აზრით, სწორედ ეს წინარეისტორიული ტირანი გამოვიდა ასე მოულოდნელად ისტორიის ავანსცენაზე ატონის კულტის ეპოქაში _ ამჯერად ის ზეცაში აიჭრა. იაჰვეც ტირანივით იქცევა. სწორედ ამიტომ მოკლა ხალხმა თავისი პირველი წინასწარმეტყველი. ამან დანაშაულის პირველყოფილი კომპლექსიც გააღვიძა.
რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს ეს თეზა, ის ვერ იქნება ბოლომდე სწორი... ებრაული ტომის არსებობის დამადასტურებელი არანაირი ნივთმტკიცება არ მოეპოვება თანამედროვე არქეოლოგიას.
ფაქტია, რომ დაახლოებით ქრ. შ-მდე 1250 წელს სინას მთა ძირითადად ველური მომთაბარეებით (,,ჰაპირუ”) იყო დასახლებული. სამხრეთ პალესტინაშიც მომთაბარეები ცხოვრობდნენ. ისინი მეცხოველეობას მისდევდნენ და, როგორც ჩანს, ამ ადგილას დიდხანს სახლობდნენ. ებრაული ეთნოსი მაშინ არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ ჩანასახი.
პირველ ებრაულ დასახლებას ვხვდებით ქრ. შ-მდე 1000 წელს ქანაანში. ებრაელთა ქოხებს პატარა საკურთხეველი ჰქონდა. ეს იყო სამსხვერპლო ადგილი წინაპრებისა და ოჯახის მფარველი სულებისათვის. მთებში ინახებოდა ადგილობრივი ტომის სიწმინდეები. ბიბლიის თანახმად, ქანაანში ჯერ კიდევ ქრ. შ-მდე VIII საუკუნეში ,,მაღალ ბორცვებზე და ყველა ამწვანებული ხის ქვეშ” წმინდა ცეცხლი გიზგიზებდა. დიდი მოსე _ ასე მოიხსენიებენ მოსეს ბიბლიის ავტორები. პოლითეისტური თვალსაზრისით კი ეს ეპითეტი არ შეესაბამება მას. მოსემ, როგორც კი ჩამოვიდა სინას მთიდან, ხალხს აცნობა პირველი მცნება უფლისა: ,,მე ვარ უფალი, ღმერთი შენი”.
ბიბლიის მიხედვით, შუაგულ უდაბნოში მოსე იძლევა მითითებებს, თუ როგორ უნდა ყოფილიყო მომთაბარეთა კარვები მოწყობილი. ხალხს უნდა გაეკეთებინა სარიტუალო ჭურჭელი წმინდა ოქროსაგან, ტაბლა საწინაშეო პურისათვის, ოქროს სასანთლეები და გვირგვინი.
არსებობს ასეთი აზრი: სინამდვილეში ბიბლიის ავტორები მოსეს მეორე წიგნში იერუსალიმის ტაძრის დეკორაციას აღწერენ, თუ როგორ გამოიყურებოდა ის აღდგენის შემდეგ (ქრ. შ-მდე 516 წ). იმისათვის, რომ ახალ სამყაროს ღირსება შემატებოდა, გამყალბებლებმა ისე გააკეთეს, რომ თითქოს მთელი ეს აღჭურვილობა ჯერ კიდევ უდაბნოში მოსეს ხეტიალის დროს ჰქონდა ებრაელ ხალხს.
ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ იაჰვეს მღვდლები მოსეს ფიგურას იყენებდნენ როგორც წნეხს, რათა განეხორციელებინათ თავიანთი საკულტო გეგმები. სასულიერო პირები მუცელმოგვობდნენ.
მემფის-იერუსალიმის გზაზე არის რაღაც სიმართლის ნაკვალევი. თანამედროვე არქეოლოგებს სჯერათ, რომ მონოთეიზმის შემოქმედ ეხნატონსა და მის ლეგენდარულ შთამომავალ მოსეს შორის კავშირი არსებობდა. ის, რომ ოდესღაც ეგვიპტური მზის სხივები აღმოსავლეთ უდაბნომდეც აღწევდა, სხვათა შორის ებრაელმა არქეოლოგებმაც დაადასტურეს. ,,ახალ იმპერიაში” (ქრ. შ-მდე 1550-1070წწ.) ფარაონებმა მთელი ლევანტე (ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები) დაიპყრეს და კოლონიად აქციეს. მათი სამხედრო გზები კი პალესტინაზე გადიოდა.
მერენპტაჰის სტელაზე (ქრ. შ-მდე 1207 წ.) პირველადაა ნახსენები ,,ისრაელი”. ეგვიპტელებს ეს მხარე დაპყრობილი ჰქონიათ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სემიტებს ეგვიპტელები მაღაროებში ამუშავებდნენ.
პალესტინელი მწყემსები და ბედუინები _ რელიეფზე ისინი თხის წვერით არიან გამოსახულნი _ იმპერიის სულიერ ცხოვრებაშიც მონაწილეობდნენ. ეგვიპტე, უდიდესი ცივილიზაციის ქვეყანა, ყოველგვარი სიბრძნის წყარო იყო.
როგორც ჩანს, დამონებულმა აზიელმა მომთაბარეებმა ალღო აუღეს ეხნატონის რელიგიას. ატონის მზის საგალობელი ძალიან ჰგავს 104-ე ფსალმუნს, რომელიც ძველი აღთქმის ულამაზესი საგალობელია. ინფორმაციას, როგორც ჩანს, ეგვიპტური სამხედრო ყაზარმები ავრცელებდნენ. ისინი ახლოს იყვნენ პალესტინაში მთავართა ოჯახებთან.
არსებობს უფრო ფართო კავშირი, რომელსაც ისტორიის სიღრმეებში ჩავყავართ. ქრ. შ-მდე XVII საუკუნეში ეგვიპტეში ძალაუფლება აღმოსავლური წარმომავლობის უცხოელმა ხალხმა, ჰიქსოსებმა, იგდეს ხელთ. ისინი იყვნენ პირველი ებრაელები. ძველი იეროგლიფური ტექსტები მოგვითხრობენ, რომ უცხოელები ქალაქებს წვავდნენ, სიწმინდეებს ანადგურებდნენ და ხალხს სასტიკად ექცეოდნენ. მათ ააგეს ციხე-ქალაქი ავარისი და ფორფოსტად აქციეს ის.
თანამედროვე არქეოლოგიამ დაადასტურა, რომ ავარისი ნილოსის დელტის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო გაშენებული. ვენელი მანფრედ ბიტაკი კარგა ხანია აწარმოებს არქეოლოგიურ სამუშაოებს ქალაქის ნანგრევებში. შედეგი ასეთია: ჰიქსოსები 108 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას ეგვიპტეში. მათ ერთ-ერთ მეფეს კი ია კობერი ერქვა. ეს სახელი ეჭვს იწვევს, ვინაიდან ძალიან ჰგავს ბიბლიური მამამთავრის, იაკობის, სახელს. დაახლოებით ქრ. შ-მდე 1550 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება. ფარაონებმა ძალაუფლება დაიბრუნეს და დაუპატიჟებელი სტუმრები კვლავ უდაბნოში გარეკეს.
მაკიევსკი ფიქრობს, რომ ,,პალესტინაში გაძევებულ ტომებს ეგვიპტეში გატარებული საუკუნეები არ უნდა დავიწყნოდათ”. მკვლევარის ვარაუდი ასეთია: ხამუდი, რომელიც ჰიკსოსთა უკანასკნელი ლიდერი და, ძველი ხელნაწერების მიხედვით, იერუსალიმის დამფუძნებელია, ამ ლეგენდის მთავარი გმირი უნდა იყოს.
მოვლენები ამ საკითხთან დაკავშირებით გაყალბებულია:
• ჰიქსოსები მოვიდნენ, როგორც დამპყრობლები;
• მათი მეფობით ეგვიპტეში ბრწყინვალე პერიოდი დაწყო;
• ბოლოს ჰიქსოსების ეპოქა ცუდად დასრულდა;
თორაში კი სულ სხვაგვარი რამ წერია. ებრაელები ეგვიპტეში შემოიყვანეს, როგორც მონები. მონობაში ცხოვრობდნენ მანამ, სანამ მოსემ არ გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან.
მსგავსი ფალსიფიკაციები თქმულებებითა და ლეგენდებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის კარგად არის ცნობილი. ისინი ასეთ დროს ,,ნარატიულ ინვერსიაზე” საუბრობენ: იტორია გადაკეთებულია ისე, რომ დასაწყისში თხრობა შესანიშნავი ამბებით იწყება, მაგრამ შემდეგ უკვე საქმე სამარცხვინო დასასრულამდე მიდის. მაკიევსკი ფიქრობს, რომ ,,ეროვნული წყენა” ,,ხალხის ფსიქოლოგიური სისტემის ყველაზე მტკივნეული კვანძია”. ასე რომ, ეს ამბავი ებრაელი ერის ფორმირების პროცესში, ქრ.შ-მდე IX-VIII საუკუნეებში, იქნა დამუშავებული. ებრაელებმა დიდების უძველესი მითოსი შექმნეს.
ვინ იყო მოსე? არსებობდა იგი საერთოდ? ყალბი წარმოდგენები, რომელიც ბიბლიას უდევს საფუძვლად, გვაძლევს სიმართლის დადგენის საშუალებას?
მიუხედავად ამისა, ქრ. შ-დე IV-III საუკუნეებში მოსეს ამბავი პალესტინის გარდა ძველ რომში, ალექსანდრიასა და ელინისტურ ეგვიპტეშიც იყო გავრცელებული. რელიგიური ლიდერები ყვებიან მოსეს შესახებ. ძველი ეპოქის რვა ავტორი მოიხსენიებს მას.
ამ ცნობებში მოსე საშინელი ფორმითაა წარმოდგენილი. ის კეთროვანთა მეთაური იყო. ყველაზე შემზარავ ისტორიას ეგვიპტელი მღვდელი და ისტორიკოსი მანეტო (ქრ. შ-მდე 280 წ.) ყვება. იგი აღწერს იმ საშინელ პერიოდს, რომელსაც მას 1000 წელი აშორებდა.
იმ დროს, - გვიამბობს ავტორი, - ქვეყნიდან 80 000 კეთროვანი გადაიყვანეს აღმოსავლეთ უდაბნოში და იძულებით სამუშაოებზე გაამწესეს. ფარაონმა მათ ნება დართო, ავარისში კეთროვანთა კოლონია დაეარსებინათ. კეთროვანებმა მეთაურად აირჩიეს მღვდელი ჰელიოპოლისიდან (ატონის კულტის ცენტრი). მისი სახელი იყო მოსე.
მოსემ აკრძალა ძველი ღმერთები. ისინი კლავდნენ ეგვიპტელთა წმინდა ცხოველებს. ბოლოს მოსემ ავარისი გაამაგრა და დახმარება გაუწია ჰიქსოსებს, რომლებთან ერთადაც ხელში აიღო ძალაუფლება ეგვიპტეში. ეს იყო საშინელი პერიოდი. მან საწმიდარნი სატრაპეზოებად აქცია. წმინდა ცხოველები შამფურებზე წამოაგო და ტაძრები შემუსრა.
ასმანისათვის ეს შემთხვევა სრულიად გასაგებია. ისტორია ძველი ,,ოცნების” ირგვლივ ტრიალებს. მასში ეხნატონისა და ჰიქსოსების პერიოდის დანაშაულთა და ცოდვათა ხსოვნაა აღბეჭდილი. იმ დროს კეთრი კულტისათვის უწმიდური იყო. მოვლენათა ეპიცენტრში სწორედ მოსე დგას.
ასმანი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ,,მეხსიერების ნაკვალევია”. ვინაიდან არც წერილობითი წყაროები და არც მეფეთა ოფიციალური სია არ შეიცავდა ინფორმაციას ეხნატონის შესახებ, ეგვიპტელებმა კანონგარეშედ გამოცხადებულ და გაძევებულ ერეტიკოს ფარაონს ზოგადი სახელი ,,მოსე” უწოდეს და ხაზი გაუსვეს მის ბოროტ და საშინელ ხასიათს.
უფრო შორს წავიდა კანადელი ეგვიპტოლოგი რონალდ რედფორდი. მან მოსეს შესახებ მანეტოს თქმულების დეტალები პირდაპირ დაუკავშირა ეხნატონის ცხოვრებას. ცნობილია, რომ ეგვიპტელმა ატონის გურუმ აღმოსავლეთ უდაბნოში მონებისათვის საკონცენტრაციო ბანაკი გამართა. მანეტოს თანახმად, მოსე 13 წელი ინარჩუნებდა ძალაუფლებას ეგვიპტეში. ზუსტად ამ ხნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას ეხნატონიც, რომელიც ამარნაში იჯდა.
ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ გაძევებული და მივიწყებული ერეტიკოსი დიდხანს დარჩა ეგვიპტელთა კოლექტიურ მეხსიერებაში, ოღონდ მოსეს სახით. ხალხმა ამარნას პერიოდის მოვლენები, რომელიც სინამდვილეს შესაბამებოდა, შიშისა და უწმიდურების უსიამოვნო მოგონებებს დაუკავშირა. ეხნატონი მკრეხელობის სიმბოლოდ გადაიქცა.
ძველი ებრაელები კი თანაუგრძნობდნენ მზის რევოლუციას. მათ მიაჩნდათ, რომ ეხნატონი ჭკვიანი კაცი იყო. მათ ეხნატონის/მოსეს ეგვიპტური ლეგენდა იდეალად აქციეს და მისი ფიგურა საკუთარი რელიგიური მიზნებისათვის გამოიყენეს.
იმას, რომ სინას ამბავი ძირითადად პროპაგანდასა და სიყალბეს ეფუძნება, ძველი აღთქმის სპეციალისტებმაც აღიარეს. მათ იციან, რომ გზა მონოთეიზმამდე არ იყო სწორხაზოვანი, რასაც ბიბლიის ავტორები დაჟინებით გვიმტკიცებენ.
როგორც არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებენ, დაახლოებით ქრ. შ-მდე 900 წელს, ებრაელები ტოტემიზმის ტყვეობაში იმყოფებიან. ისინი აღმერთებდნენ იაჰვეს, როგორც ამინდისა და ნაყოფიერების ღმერთს, რომლის სექსუალური გამოსახულება ეტაპობრივად გააქრეს.
ნამდვილი ისტორიული მოვლენებისადმი ვერაგული დამოკიდებულების ნაკვალევს თავად ბიბლიაშიც ვპოულობთ, რომელიც დასავლეთ სემიტური ხალხების ურიცხვი ლეგენდების ნაზავითაა გაჯერებული.
მაგალითად, მოსე ცეცხლოვან მთაზე უფალთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ისეთ ბრწყინვალებას აფრქვევს, რომ ხალხი მას თვალს ვერ უსწორებს. ის ღვთაებრივი შარავანდედითაა მოსილი. ამიტომ მოსე იძულებულია, სახე საბურველით დაიფაროს. მკვლევარი რაიკი განმარტავს, რომ ეს არის ,,გადმონაშთი” იმ რიტუალისა, რომლის შესრულების დროსაც შამანები ტოტემი ცხოველის ტყავით იმოსებოდნენ.
საბოლოო ჯამში, ებრაელებმა ყოვლისშემძლე და უხილავი ღმერთი შექმნეს. დაახლოებით ქრ. შ-მდე 530 წელს წინასწარმეტყველმა ესაიამ ბაბილონის ტაძრის ზღურბლთან უფლის სიტყვა ასე ჩამოაყალიბა: ,,ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება”.
მონოთეიზმი საბოლოოდ გაცხადდა.
ესაია უცხო ხალხით იყო გარემოცული, მიტოვებული და ეული. იმ დროს დევნილობაში მყოფი ებრაელი ხალხი გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა. მოსეს მეხუთე წიგნის მთავარი თემაც სწორედ დავიწყების შიშია. ეს გაფრთხილება მწვავედ ახსენებს თავს მსმენელს. დავიწყება ასიმილაციას, ხალხის წეს-ჩვეულებებისა და იმ წარმოსახვითი ქვეყნის დაკარგვას ნიშნავდა, რომელიც ებრაელებს სამშობლოდ მიაჩნდათ და სადაც ისინი უნდა დაბრუნებულიყვნენ.
ასე რომ, დევნილი ებრაელები გარემომცველ სამყაროს მკვეთრად გაემიჯნენ. მათ სურდათ, რომ სხვებისაგან რაიმე ნიშნით ყოფილიყვნენ გამორჩეულნი. სწორედ ამ დროს შემოიღეს ებრაელებმა შაბათის შენახვა, მოწმინდარობა და ღმერთის სახელის ხსენების აკრძალვა.
ისრაელი უფლის დროშის ქვეშ გაერთიანდა. ეგვიპტის ,,მონობის სახლის” იდეაც სწორად იყო დანახული. მღვდლების დევიზი ასე ჟღერდა: ასწიეთ თავი მაღლა! ჩვენ ერთხელ უკვე ვიყავით რთულ მდგომარეობაში, მაგრამ ამჯერად ვიპოვეთ სამშობლო და დავიბრუნეთ ძველი დიდება.
ქრ. შ-მდე 516 წელს ებრაელებს სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა გაუჩნდათ. სპარსეთის იმპერიის სულგრძელმა მბრძანებელმა კიროსმა დევნილებს იერუსალიმში დაბრუნების უფლება მისცა. ასე რომ, იაჰვეს ხალხმაც არ დააყოვნა. ებრაელები შევიდნენ იუდეაში, რომელიც სპარსეთის პროვინცია იყო, და ჭეშმარიტი რწმენის შესახებ თავიანთი წარმოდგენების განხორციელებას შეუდგნენ.
ეს იყო ებრაელთა მშობლიური რელიგია, რომელიც შიშისა და ძალადობის ნიშნებს მრავლად ატარებს.
ასე რომ, ებრაელებმა სისხლიანი პიესა სცენაზე გადმოიტანეს და ეს წარმოდგენა დღემდე გრძელდება. ჩვილი ბავშვების წინდაცვეთა უფალთან კავშირის სიმბოლოდ იქცა: ,,და გააკეთა იესომ ქვისაგან დანა და წინა დაუცვითა ისრაელიანებს”, _ მოგვითხრობს ბიბლია. მხოლოდ ამის შემდგომ ეძლევათ მათ აღთქმულ ქვეყანაში შესვლის უფლება. სწორედ ადამიანის სხეულზე აღბეჭდილმა ამ ნიშანმა გახადა შეუქცევადი იაჰვესთან ,,ქორწინება”.
ფარაონმა ეხნატონმა სულ რაღაც 17 წელი გაძლო. მისი იდეის გამგრძელებლები კი დამხობისა და ერეტიკოსის სახელისაგან დაზღვეულნი აღმოჩნდნენ. მათ მხოლოდ ფარაონის გამოცდილება სჭირდებოდათ, რათა განეჭვრიტათ, თუ როგორ დასჯიდა უფალი მოღალატეებს.
ებრაელებმა მოიფიქრეს ბოლო ფანდი და საქმეც ბოლომდე მიიყვანეს. ,,მოსემ (=ეგვიპტურად ბავშვი) საფუძველი დაუდო ბიბლიურ რელიგიას, მონოთეიზმს, და მისი ლეგიტიმურობის განსახიერებად იქცა, რათა ებრაულ კულტურას, მონოთეისტური რელიგიის შემოქმედის პირველშობილის უფლება გარანტირებული ჰქონოდა”, - ვარაუდობს მაკიევსკი.
ზუსტად ასეთი რაღაც ხდება დღესაც: 2500 წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი ისევ დენთის კასრს გავს. ,,სულიერ-კულტურული” სივრცე, სადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნები ,,ჭეშმარიტ და მცდარ რელიგიებს შორის მოზაიკური განსხვავების” (ასმანი) დადგენის დღიდან თანაარსებობს, სრულიად გაუმართლებელი მტრობის ასპარეზია.
თეოლოგების უმრავლესობა ამ საკითხს სხვაგვარად უყურებს. ,,ასმანმა შეგვანჯღრია”, - ამბობს ბავარიელი თეოლოგი ლუკას ბორმანი. ბორმანი ეთანხმება იმ აზრს, რომ ბიბლია ,,გამოხატვის ფორმებში რადიკალიზმს” ამკვიდრებს. ,,მაგრამ ეს ფაქტი ხსნის იმას, რომ წმინდა წერილები უძალო ებრაული ელიტის მიერ იქნა დაწერილი.”
ბორმანის აზრით, სწორედ უძალობამ და განცდილმა სიდუხჭირემ აქცია ებრაელი ხალხი ტრადიციების დიდ დამცველად. ეს ხალხი სანიმუშოა ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინაიდან მათ ჩაგვრისა და მონობის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლეს და მშვიდობისადმი ზოგადსაკაცობრიო სწრაფვა გამოამჟღავნეს.
ამას არც ასმანი უარყოფს. იგი სხვებზე არა ნაკლებ იცნობს ებრაული კულტურის მიღწევებს.
ასმანი თავის ბოლო ნაშრომში წერს, რომ აქცენტი კეთდება არა ადამიანების მიერ დაშვებულ რაიმე კონკრეტულ შეცდომებზე, არამედ ადამიანის ,,ფუნდამენტურ ეგზისტენციალურ ცდომილებაზე, წარმავლობასა და უფლისაგან დაშორებაზე”. აქედან გამომდინარე, ,,სინანულის”, მონანიებისა და მოქცევისაკენ მოწოდება ,,განვლილ ცხოვრებაში ჩადენილი დანაშაულის განცდითაა” განპირობებული.
სინანული და მოქცევა წმინდა წერილის უმთავრესი მოთხოვნაა. ამ აზრს გარკვევით გამოხატავს 50-ე ფსალმუნი: ,,შესაწირავი ღმერთისა _ სული მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო ღმერთო”.

თენგიზ დალალიშვილის თარგმანი

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen